მიმდინარე კვირაში, შვეიცარიის სამთო კურორტი დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. მას პოლიტიკის, ბიზნესისა და მეცნიერების სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმზე ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იქნება.

როგორ გავლენას ახდენს აშშ წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე?

გავლენა თვალშისაცემია თემატურ საკითხებში. ის ფორუმზე დონალდ ტრამპის უშუალო დასწრებაშიც გამოიხატება, რადგან მისი პერსონა დამსწრე საზოგადოებაზე მაგნიტივით მოქმედებს. გარდა ამისა, ტრამპს თან ახლავს მაღალი რანგის დელეგაცია, რომელშიც ხუთი მინისტრი შედის. როგორც ყოველ წელს, ფორუმს ამჯერადაც ესწრებიან ამერიკელი კანონმდებლები, გუბერნატორები და უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები. წელს დავოსი „პატარა ამერიკად“ გადაიქცევა.

რომელი თემები იქნება წინა პლანზე?

ბოლო დღეებისა და საათების დინამიკიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდება გრენლანდიის საკითხზე და, შესაბამისად - ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. დონალდ ტრამპი დავოსში არა მხოლოდ „მიღებას გამართავს“, არამედ გააგრძელებს საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების დაცვას. მას დაუპირისპირდებიან ევროპის მთავრობების მეთაურები და კანადის პრემიერ-მინისტრი, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ. გასარკვევი რჩება, რამდენად ერთიანი და ძლიერი იქნება ეს წინააღმდეგობა, განსაკუთრებით აშშ-ის უახლესი მუქარის ფონზე, რომელიც ევროპულ საქონელზე ტარიფების გაზრდას ეხება.

კიდევ რა თემები განიხილება დავოსში?

წელს დომინანტური იქნება ისეთი გლობალური პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა მიმდინარე მოვლენები ირანში და სიტუაცია უკრაინაში. ეკონომიკური საკითხები, სავარაუდოდ, მეორე პლანზე გადაინაცვლებს, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო დავა აშშ-სა და ჩინეთს შორის, ისევე როგორც ევროპასთან, კვლავ მწვავედ დგას. გასული წლის მსგავსად, ყურადღება გამახვილდება ხელოვნურ ინტელექტზე.

რა როლს შეასრულებს WEF-ის დამფუძნებელი კლაუს შვაბი, გასულ წელს ხელმძღვანელობიდან ჩამოშორების შემდეგ?

დავოსის ფორუმის დაარსების დღიდან პირველად, კლაუს შვაბი ამ უდიდეს საერთაშორისო თავყრილობაში არანაირ როლს აღარ შეასრულებს. ის არც ღონისძიებას დაესწრება და არც საჯარო გამოსვლებს გამართავს. არც მისი ცხოვრებისეული ღვაწლისადმი მიძღვნილი ცერემონიის გამართვა იგეგმება. მოკლედ რომ ვთქვათ, კლაუს შვაბი, როგორც ამ ღონისძიების განმსაზღვრელი ფიგურა, მთლიანად იგნორირებულია.

ნიშნავს თუ არა ეს შვაბის ეპოქის დასასრულს?

დიახ. ამის საფუძველი გასული წლის გაზაფხულზე, ანონიმური ბრალდებების გამო, ლიდერობიდან მისი ჩამოშორება გახდა. ბრალდებები შეეხებოდა შვაბის გამდიდრებას და მისი, როგორც ხელმძღვანელი პირისთვის, მიუღებელ ქცევას. თუმცა, გამოძიებამ, რომელიც WEF-ის ახალმა ხელმძღვანელობამ - ლარი ფინკმა და ანდრე ჰოფმანმა - დაუკვეთა, დაასკვნა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. ამით, ფაქტობრივად, მოხდა კლაუს შვაბის რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, ის WEF-ის დიდ სცენაზე არ ბრუნდება, თუნდაც ოფიციალური, ღირსეული გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის. ამის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის: WEF-დან და კლაუს შვაბის წრიდან გამოსული ხმების თანახმად, მისი არგამოჩენა გასულ ზაფხულს მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

როგორ იმოქმედებს შვაბის წასვლა WEF-ზე?

ჯერჯერობით რაიმე გავლენა არ შეინიშნება. ეს, ნაწილობრივ, იმითაა განპირობებული, რომ ღონისძიების პროგრამასა და ორგანიზებას, წლების განმავლობაში, მენეჯმენტის გუნდი უძღვებოდა. თუმცა, კლაუს შვაბის უზარმაზარი კავშირების წყალობით, WEF ყოველთვის იზიდავდა უმაღლესი დონის მონაწილეებს. ახალმა ხელმძღვანელობამ წელს უნდა დაამტკიცოს, რომ იგივეს გაკეთება მასაც შეუძლია.

1tv.ge