აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა გალონზე $5.85-ს მიაღწია, რაც ისტორიულად სარეკორდო მაჩვენებელია. გაძვირება ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და გლობალურად ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვია. ამის შესახებ The New York Times წერს.

ავტომოყვარულთა ასოციაციის (AAA) მონაცემებით, დიზელის ფასი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ 55%-ზე მეტით არის გაზრდილი, რამაც გადააჭარბა ოთხი წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური ენერგოკრიზისის დროს დაფიქსირებულ პიკს. მკვეთრად გაძვირდა ბენზინიც ($4.15 გალონზე, +40%) და ავიასაწვავი.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო ექვს თვეში გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ფასები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ნედლი ნავთობისა, მიუხედავად იმისა, რომ Brent-ის მარკის ნავთობიც 30%-ით გაძვირდა და ბარელზე $96 შეადგინა.

ფასების მკვეთრი ზრდა 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული შეტევების შემდეგ დაიწყო, რასაც თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა. ვითარებას ამძიმებს ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაზიანებაც.

ING-ის ექსპერტების განცხადებით, საწვავის მაღალი ფასები შენარჩუნდება მაშინაც კი, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დარეგულირდება, რადგან გლობალურ ბაზარზე გადამუშავებული პროდუქტების მწვავე დეფიციტი შეინიშნება. დიზელის გაძვირება უკვე უარყოფითად აისახება ლოგისტიკურ, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სექტორებზე.