„ენბისი ნიუსის“ პროგნოზით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია მოიპოვებს.
წინასწარი შეფასებით, დემოკრატები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, შესაძლოა, თითქმის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი.
„ენბისი ნიუსის“ ანალიზის თანახმად, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით 248 მანდატს მიიღებენ. ეს მაჩვენებელი საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს.
ბოლო მონაცემებით, დემოკრატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქში გამარჯვება მოიპოვეს.
„ენბისი ნიუსის“ პროგნოზით, პარტიის კანდიდატები ნიუ ჯერსისა და ჩრდილოეთ კაროლინის ოლქებში იმარჯვებენ. გარდა ამისა, პენსილვანიაში დემოკრატი პეიჯ კოგნეტი, ხოლო კოლორადოში მენი რუტინელი ლიდერობენ და, სავარაუდოდ, გამარჯვებას მოიპოვებენ.
ამომრჩეველთა ხმების დათვლის მიმდინარე პროცესში დემოკრატები წარმატებას აღწევენ სენატშიც. როგორც მედია წერს, თუ პარტია კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს მოიპოვებს, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ტრამპის შესაძლებლობებს პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ამასთან, „ესოშიეითიდ პრესის“ პროგნოზით, დემოკრატმა ენი ენდრიუსმა რესპუბლიკელი დარლინ გრემი მცირე უპირატესობით დაამარცხა.
როგორც მედია წერს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგია. დარლინ გრემი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად შეარჩია კანდიდატად, სენატში თავისი ძმის, ლინდსი გრემის ადგილის დაკავებას ცდილობდა. ენდრიუსის გამარჯვება განსაკუთრებით მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის წინ, დარლინ გრემმა არჩევნებში თითქმის 18 პროცენტული პუნქტით გაიმარჯვა.
1tv.ge