ჩვენ შანტაჟს არ დავუშვებთ. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი სოციალურ ქსელში წერს.

ულფ კრისტერსონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისთვის ტარიფების დაწესებას ეხმაურება.

როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, კოორდინირებული რეაგირებისთვის შვედეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირე მეზობლებს. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ახლა გამოყოფილ ქვეყნებს. შვედეთი ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებული რეაგირებისთვის“, – წერს ულფ კრისტერსონი.

1tv.ge