აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, მოლაპარაკებები პირდაპირი იყო თუ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა.

„აქსიოსის“ ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავდა როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფ ოფიციალურ პირებთან.

ამასთან, გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ოთხშაბათს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს წამოჭრა.