ის იყო ბოლო პერსონა, რომელიც პაპმა ფრანცისკემ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მიიღო - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი 20 აპრილს პაპს რამდენიმე წუთით შეხვდა. №2 ამერიკელი ამ აუდიენციას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და მოახერხა შეხვედრა ჯანმრთელობაშერყეულ უზენაეს პონტიფიკოსთან, რომელსაც, აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ საუბრისას, თავისი მოსაზრებების გამოთქმა არ დაზარებია.

ეს ვიზიტი შეიძლება იყოს სიმბოლო იმ ახალი როლისა, რომლის თამაშიც შეერთებულ შტატებს სურს.

ვატიკანის დაფინასების მესამედი შეერთებულ შტატებზე მოდის

ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ვატიკანის დაფინანსების მესამედი ამერიკულ ეკლესიაზე მოდის. ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიო მაუწყებლის (RTBF) ჟურნალისტი, ედი კაკელბერგსი ფიქრობს, ოკეანის გაღმიდან შემოსული დაფინანსება ზოგჯერ ვატიკანზე ზეწოლის საშუალება ხდება: „მაგალითად, 2018 წელს, 5 ათასი ამერიკელი კათოლიკე ბიზნესმენისგან შემდგარმა ჯგუფმა 820 000 დოლარის გადარიცხვის დაპაუზება გადაწყვიტა. ვატიკანის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ამერიკელებმა კი, ერთჯერადად, თითქმის 1 მილიონი ევრო დაბლოკეს. ამერიკელ კათოლიკეებს აქვთ ჩვევა, მნიშვნელოვანი თანხები გადასცენ კათოლიკურ ეკლესიას“.

დაძაბულობა პაპ ფრანცისკესა და აშშ-ს შორის

პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატის დასაწყისიდანვე მოხდა განხეთქილება, რომლის შესახებაც თეოლოგი მირიამ ტონუსი საუბრობს: „აშშ-ს კათოლიკური ეკლესია სულ უფრო შორდებოდა პაპ ფრანცისკის სტილსა და სიტყვებს. ამერიკელი ეპისკოპოსები პაპს მხარს არ უჭერდნენ მთელი მისი მმართველობის განმავლობაში. არადა, ფრანცისკე ატარებდა ძალიან მკაფიო კურსს, რომელიც გულისხმობდა ყველაზე დაუცველების, გარიყულების, ღარიბების, მიგრანტების, ტანჯულების და ა.შ. დაცვას. ასეთი პოლიტიკის გატარება ფრანცისკემ ლამპედუზადან დაიწყო და ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია, მაშინ კი, როცა სხვა საკითხებზე მისი პოზიციები იცვლებოდა“.

დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, პაპმა პასტორალური წერილი გაუგზავნა ამერიკელ ეპისკოპოსებს, რათა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ რამდენად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ში განხორციელებული პოლიტიკა ქრისტიანულ სულისკვეთებას.

იმ წერილს, რომლითაც ფრანცისკეს პირადად ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, ედი კაკელბერგსი იხსენებს: „მან უპასუხა პაპს, თავისი საქმით უნდა დაკავდეს, მისი აზრი მიუღებელია და ქრისტეს სიყვარული არ ვრცელდებოდა მათზე, ვინც სამარცხვინოდ სარგებლობდა სისტემით. ეს იყო ძალიან მკაცრი წერილების გაცვლა. თუ გავიხსენებთ 20 აპრილის აუდიენციას, მიუხედავად იმისა, რომ ის ხანმოკლე იყო, ფრანცისკესთვის სიამოვნების მომტანი ნამდვილად ვერ იქნებოდა“.

ბოლო წლებში ფუნდამენტალიზმი გაძლიერდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაში განვითარდა ფუნდამენტურ თეოლოგიაზე დაფუძნებული ევანგელური პროტესტანტიზმი. მირიამ ტონუსის განმარტებით, ამ შეთხვევაში თემები, ძირითადი, იგივეა, მაგრამ მათი განხილვა მიუღებლად მიიჩნევა და ეს ბევრ ახალგაზრდას იზიდავს: „ეს არის ეკლესია, რომელიც პოლიტიკური ხდება და ძველ რიტუალებზე დაბრუნებით, თითქოს, გასული საუკუნის მორალს განასახიერებს, რაც მის წიაღში მყოფ ადამიანებს ნუგეშს გვრის. ეს არის ეკლესია, რომელიც კითხვის დასმის უფლებასაც კი არ იძლევა. ასეთი ეკლესიები, ფაქტობრივად, ყველა რეალური თუ წარმოსახვითი საფრთხის შემაკავებელი უსაფრთხო სიმაგრეებია, რაც იმედს წარმოშობს და მიმდევრებზე დამამშვიდებლად მოქმედებს“.

ჯეი დი ვენსი, როგორც ახალი ფიგურა

ჯეი დი ვენსი, რომელიც კათოლიციზმზე ხუთი წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ მოექცა, განასახიერებს იმას, რასაც თავად იდენტობაზე დაფუძნებულ კათოლიციზმს უწოდებს და რომელიც შორს არის იმისაგან, რასაც პაპი ფრანცისკე განასახიერებდა: „მათთვის, ფრანცისკე არ იყო გამაერთიანებელი პაპი, ის იყო გამყოფი პაპი, რომელიც პოლიტიკას ემსახურებოდა და არა რწმენას“, - ამბობს ედი კაკელბერგსი.

შემდეგი პაპი ამერიკელი იქნება?

კონკლავის დროს, რომელიც ფრანცისკეს მემკვიდრეს აირჩევს, გავლენების ომი გაჩაღდება.

პაპმა ფრანცისკემ კარდინალად მრავალი ისეთი სასულიერო პირი დანიშნა, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებოდნენ მის შეხედულებებს.

მირიამ ტონუსის აზრით, ჯეი დი ვენსის პაპ ფრანცისკესთან სტუმრობით იმ დროს, როცა ეს უკანასკნელი ძალიან ავად იყო, შეერთებულ შტატებს კათოლიკური ეკლესიისთვის მკაფიო სიგნალისგაგზავნა სურდა: „ისევე, როგორც დღეს ნათლად ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები აპირებს, დაარეგულიროს ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიოში, ამერიკული ეკლესიაც ასევე მიიჩნევს, რომ ჩვენ მას ანგარიში უნდა გავუწიოთ. იმედია, კარდინალები მხარს დაუჭერენ ისეთ კანდიდატურას, თუნდაც ის აფრიკელი იყოს, რომელიც ნამდვილად შეესაბამება ჭეშმარიტ ღირებულებს“.

კონკლავამდე 3 დღე რჩება

ცნობისთვის, აშშ-ის მოქმედი რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.

წყარო: 1 არხი