დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა რომ გეგმავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სასურსათო და საკვებით მომარაგების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის დახმარება 26 მილიარდი აშშ დოლარით ($) გაზარდოს, რითაც 2022-2030 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ჯამური დაფინანსება $40 მილიარდს მიაღწევს.

დახმარება დააფინანსებს პროგრამას, რომელიც მოიცავს სურსათის წარმოების სრულ პროცესს — მოყვანასა და გადამუშავებიდან, დისტრიბუციასა და მოხმარებამდე.  პროგრამის მიზანია მთავრობებისა და კომპანიების ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, დაეხმაროს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათის წარმოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი აგრარული მომარაგების ჯაჭვების ხელშეწყობაში.

“უპრეცედენტო გვალვები, წყალდიდობები, ექსტრემალური სიცხე და შემცირებული ბუნებრივი რესურსები ხელისშემშლელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის და საფრთხეს უქმნის სასურსათო უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმული მოსახლეობის შემოსავლებს. ჩვენი გაზრდილი დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შიმშილის შემცირებაში, საკვების მრავალფეროვნების გაუმჯობესებაში, დაიცავს გარემოს და გაზრდის შესაძლებლობებს ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის. პროგრამა დააჩქარებს სურსათის ღირებულებათა მთელი ჯაჭვის ცვლილებას - საკვების მოყვანის, წარმოების, მომარაგებისა და მოხმარების ჩათვლით,” - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ მილანში გამართულ ბანკის 58-ე წლიურ შეხვედრაზე.

ახალი ამბიცია ემყარება ADB-ის მიერ 2022 წლის სექტემბერში აღებულ ვალდებულებას 2025 წლისთვის $14 მილიარდის ინვესტიცია ჩადოს სურსათის უსაფრთხოების ხელშესაწყობად და რეგიონში საკვების კრიზისის შესარბილებლად. 2024 წლის ბოლოს ADB-ის გაღებული ჰქონდა $11 მილიარდი — ვალდებულების თითქმის 80%, რასაც 2025 წლის ბოლომდე დამატებით $3.3 მილიარდის დაგეგმილი ინვესტირება დაემატება.

დღეს გაცხადებული დამატებით $26 მილიარდის დაფინანსება შედგება ADB-ის მიერ  მთავრობებისათვის გამოყოფილი $18.5 მილიარდიანი და კერძო სექტორისთვის გამოყოფილი $7.5 მილიარდიანი პაკეტებისგან. ADB-ის მიზანია 2030 წლისათვის კერძო სექტორის დაფინანსებამ შეადგინოს $40 მილიარდიანი პროგრამის 27%, რაც ხაზს უსვამს კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს სასურსათო სისტემების გარდაქმნაში.