7 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა ორბანს რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვის შეჩერებისკენ მოუწოდა.

სენატორების თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან, რომ უნგრეთი "არანაირ ნიშანს არ აჩვენებს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების მხრივ". სენატორები ორბანს სთხოვენ, დათანხმდეს ივნისში ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ინიციატივას, რომელიც 2027 წლისთვის რუსული იმპორტის შეწყვეტას გულისხმობს.

რეზოლუციას ათი ხელმომწერი სენატორი ჰყავს, მათ შორის, რესპუბლიკელთაგან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, სენატორები ტომ ტილისი და მიჩ მაკკონელი, ხოლო დემოკრატთაგან სენატორები ჯინ შაჰინი, კრის ვან ჰოლენი და კრის კუნსი.

"ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტს მკვლელობებისა და აგრესიის საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს," განაცხადა ტილისმა.

"ევროპამ არაჩვეულებრივი პროგრესი აჩვენა მოსკოვთან ენერგორესურსების კუთხით კავშირების შეწყვეტის მხრივ, მაგრამ უნგრეთის ქმედებები განაგრძობს კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მიწის გამოთხრასა და კრემლის გაძლიერებას," აღნიშნა შაჰინმა.

გასულ კვირაში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბანმა მას რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან შეღავათის სთხოვა, თუმცა თეთრ სახლს ეს მისთვის არ მიუნიჭებია.

"მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ, მაგრამ ითხოვა". - თქვა ტრამპმა.

ვიქტორ ორბანი იმედოვნებდა, რომ აშშ-ს მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება უნგრეთზე არ გავრცელდებოდა. ორბანი ამის მიზეზად რუსულ ნავთობზე უნგრეთის დამოკიდებულებას ასახელებდა.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს, სანქციები დაუწესა.