რა არის სამხედრო კეინსიანიზმი და რატომ ვერ მუშაობს ის რუსეთში. ამ თემას ადრეც შევეხე ვრცლად და მინდა ახლაც მოკლედ გავიმეორო, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე.
ბრიტანელი ეკონომისტი, ჯონ მეინარდ კეინსი (1883-1946), არის ეკონომიკური თეორიის ავტორი, რომლის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისის დროს, მთავრობამ, სამთავრობო დანახარჯებით უნდა მოახდინოს მოთხოვნის სტიმულირება, რის შემდეგ იზრდება მიწოდებაც - ასე მიიღწევა ეკონომიკური ზრდა.
კეინსის დოქტრინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამხედრო კეინსიანიზმი. აღნიშნული ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერსამხედრო კომპლექსის დაფინანსებას, რათა მოხდეს მოთხოვნის სტიმულირება, რამაც, უნდა შექმნას ინვესტიციების, წარმოებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობები.
სამხედრო წარმოებაში სახელმწიფოს დანახარჯების ზრდა იზიდავს დამატებით სამუშაო ძალას და ზრდის ხელფასებს ამ დარგში დასაქმებულებისათვის.
შესაბამისად, ამ დარგში დასაქმებულებს უჩნდებათ მეტი შემოსავალი, იზრდება მათი მოთხოვნილება, რაც ბიძგს აძლევს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში წარმოების ზრდას. ამრიგად, ხდება თავდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების გადანაწილება მთელ ეკონომიკაზე.
სამხედრო კეინსიანიზმის წარმატებული გამოყენების მაგალითია შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დროს.
სამხედრო შეკვეთების ზრდამ, რომელიც გამოწვეული იყო 1941 წელს აშშ-ის ომში შესვლითა და ლენდ-ლიზის აქტის მიღებით, ამ დარგში დასაქმებული ადამიანის რაოდენოდა გაიზარდა 46 მილიონამდე და მათი შემოსავალი ყოველწლიურად საშუალოდ 11,8%-ით იზრდებოდა, ხოლო მშპ წელიწადში საშუალოდ 14 %-ით იზრდებოდა.
რუსეთი დღეს სწორედ სამხედრო კეინსიანიზმის პოლიტიკას ატარებს. 2025 წელს, რუსეთის დანახარჯები თავდაცვაზე, 13.5 ტრილიონ რუბლს შეადგენს, რაც მშპ-ს 6.3%-ის ტოლფასია.
იმისათვის, რომ სამხედრო კეინსიანიზმის პოლიტიკა წარმატებული იყოს, უნდა არსებობდეს შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური კადრი. რუსეთში უმუშევარობის დონე დაბალია, შესაბამისად მაღალი ხელფასების გამო, მოხდა სამუშაო ძალის სხვა სექტორებიდან თავდაცვის ინდუსტრიაში გადასვლა, შესაბამისად შეიქმნა კადრების დეფიციტი სხვა სექტორებში.
ასევე იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა, ქვეყანა სანქციების ქვეშაა, სამხედრო სექტორში დასაქმებულები, დამატებითი შემოსავალს ზოგავენ და არ ხარჯავენ, შესაბამისად, თავდაცვის ხარჯების ზრდა არ აძლევს მნიშვნელოვან იმპულსს ეკონომიკის განვითარებას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ინფლაციის მაღალი დონეა, რაც თავდაცვის სექტორში დასაქმებული პირების რეალურ შემოსავლებს ამცირებს.
სამთავრობო ინვესტიციებით დარგის მიერ წარმოებული პროდუქტი, ვერ ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას, რადგანაც ის არ იყიდება, არ მოაქვს შემოსავალი ბიუჯეტში, არამედ, ის მყისიერად ნადგურდება უკრაინაში ბრძოლის ველზე.
ამრიგად, რუსეთის მიერ გატარებული სამხედრო კეინსიანიზმის პოლიტიკა წარმატებული ვერ იქნება.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა