საქართველოს სკოლებში, შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაიწყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 5 ნოემბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს.

უფრო კონკრეტულად კი, საგანმანათლებლო სისტემაში მოსწავლეთა პროფილაქტიკური შემოწმების შემოტანის წინადადებით კომიტეტის წევრი ლადო კახაძე გამოვიდა.

„კარგი იქნება, თუ სკოლებში პროფილაქტიკურ შემოწმებას დავაბრუნებთ. ეს იქნება კიდევ ერთი წინსწრებით პროფილაქტიკური ანუ პრევენციული ღონისძიება არა მარტო ჯარისთვის მზაობის, არამედ დიდ სპორტში ჩასართავად… ეს არის მხედველობა, სმენა, ენდოკრინული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სუნთქვის სისტემა. ჩვენ სკოლაში ექიმი დავაბრუნეთ, „ექიმის საათი“ შემოვიტანეთ. მავნე ჩვევები, ძილის პრობლემა, კვების თავისებურება, ფიზიკური აქტიურობა, უამრავი რამ. ამაში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო – ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი. ამიტომ, ეს ყველაფერი იმ დიდ კუნძულში უნდა გადავიტანოთ, რაც არის განათლების კუნძული, საიდანაც როგორც განათლებული, ასევე ფიზიკურად საღი და თავის ქვეყანაზე მზრუნველი ახალგაზრდა უნდა წამოვიდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხად „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტსა და მისი თანმდევი კანონის პროექტებს განიხილავდნენ, რომელიც წვევამდელების დამატებითი სამედიცინო კვლევების ჩატარებას ეხება. ლადო კახაძის მოსაზრებით, თუკი, მოსწავლეს სკოლაში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, ამით შემდგომ საქმე სამხედრო კომისიებსაც გაუადვილდებათ.

მისივე თქმით, სიახლის დანერგვის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის ფიზიკური და მენტალური მზაობის შესახებ მონაცემები „ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება“.

„მივესალმები ამ ცვლილებებს, როგორც ერთი დეპუტატი და იმ წინადადებას ვტოვებ ძალაში, რომ პროფილაქტიკური შემოწმების შემოტანა საგანმანათლებლო სისტემაში მზრუნველობას გაზრდის და ნაკლები საქმე ექნება შემდეგ იმ კომისიებს, სადაც შეიძლება, ესა თუ ის პათოლოგია აღმოჩნდეს. ანუ თითოეულ მოსწავლეზე ექიმის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება სრული მონაცემი ამ ბავშვის ფიზიკური და მენტალური მზაობის თაობაზე“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.

კანონმდებლის პასუხად განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმაგანაცხადა, რომ საკითხს კომიტეტი დაამუშავებს და რეკომენდაციის სახით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაუგზავნის.

„ამ საკითხზე არაერთხელ გვიმსჯელია და ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ პრევენციულია, შემდგომ უკვე ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზებასაც ხელს შეუწყობს. კომიტეტის სახელით ჩვენ რეკომენდაციასაც გავცემთ და დამუშავებული სახით მივაწვდით სამინისტროს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მეტი დეტალის გასარკვევად EDU.ARIS.GE-მ, რომელიც სხდომას ესწრებოდა, მისი დასრულების შემდეგ, კითხვით მარიამ ლაშხს მიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გვითხრა, საკითხი დამუშავების პროცესშია და ამჟამად მის ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა.