საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში - WTM London 2025 მიიღო მონაწილეობა. დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია წარდგა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „თრეველ ვაიბსის“ წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.
„ლონდონის ტურისტულ გამოფენაში ჩვენი კომპანიის მონაწილეობა ძალიან სასიხარულოა. თითოეული ჩვენგანისთვის, შემომყვანი ტურისტული კომპანიებისთვის, მნიშვნელოვანია WTM London 2025-ზე წარდგენა, რადგან აქ თავს იყრის მსოფლიოს ყველა ტურისტული ბაზარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ტურისტული ბაზრები. სწორედ ლონდონის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს ახალი საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ წამყვან საერთაშორისო ტუროპერატორებთან, შევხვდეთ არსებულ პარტნიორებს, ასევე განვავითაროთ ახალი მიმართულებები“,- აცხადებს მარიამ როჭიკაშვილი.
WTM London 2025-ის გამოფენას 43 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5 000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის: ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტურისტული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მედიაორგანიზაციები.