ჩინეთის წამყვანმა AI-სერვერების მწარმოებელმა xFusion-მა პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) მზადების ფარგლებში საინვესტიციო ბანკი Citic Securities დაიქირავა. შესაბამისი ინფორმაცია რეგულატორის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ასახული. ამით Huawei-სგან გამოყოფილი კომპანია იმ ტექნოლოგიურ ფირმებს შეუერთდა, რომლებიც ინვესტორების მზარდ ინტერესს იყენებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
ჰენანის პროვინციაში დაფუძნებულმა xFusion-მა Citic-თან ხელშეკრულება 31 დეკემბერს გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, IPO-სთვის„ტუტორინგის“ პროცესი, რაც კომპანიის მენეჯმენტის მომზადებასა და IPO-ს დეტალებში ტრენინგს გულისხმობს იანვრიდან–მაისამდე გაგრძელდება.
ჰენანის პროვინციის მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, xFusion ჩინეთში AI-სერვერების უდიდესი მიმწოდებელია, რომლის გაყიდვებმა 2024 წელს 40 მილიარდ იუანს (დაახლოებით 5.72 მლრდ დოლარს) გადააჭარბა.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება აჩქარებული წესით ამტკიცებს IPO-ებს AI-სა და ჩიპების წარმოების სექტორებში, რათა გააძლიეროს შიდა ტექნოლოგიური ალტერნატივები აშშ-ის მიერ დაწესებული მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვების ფონზე.
ბოლო კვირებში შანხაისა და ჰონგ-კონგის ბირჟებზე უკვე განთავსდნენ AI-ჩიპების მწარმოებლები, მათ შორის Shanghai Biren Technology, Moore Threads Technology და MetaX Integrated Circuits, ხოლო კიდევ რამდენიმე კომპანია IPO-სთვის მზადების ეტაპზეა.
Biren-ის აქციები ჰონგ-კონგში ვაჭრობის პირველ დღეს 76%-ით გაიზარდა, ხოლო Moore Threads-ისა და MetaX-ის ფასიანი ქაღალდები შანხაიში დებიუტის შემდეგ შესაბამისად 400%-ით და 700%-ით გაძვირდა.
ასევე, AI-სთან დაკავშირებულ აქციებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე, CSI AI Index-მა 2025 წელს 67%-იანი ზრდა აჩვენა.
xFusion-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია კომპიუტერული ინფრასტრუქტურისა და სერვისების გლობალური მიმწოდებელია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება მომხმარებლებს ტელეკომუნიკაციების, ფინანსების, ტრანსპორტისა და ინტერნეტ-სექტორებში.
სამთავრობო წყაროების თანახმად, 2023 წელს საკონსულტაციო კომპანია Greatwall Strategy Consultants-მა xFusion-ის საბაზრო ღირებულება თითქმის 9 მილიარდ დოლარად შეაფასა.
xFusion 2021 წელს გამოეყო აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ Huawei-ს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპანიის აქციონერებს შორის არიან China Telecom Group Investment და China Mobile Capital Holding.
"კომერსანტი" შეგახსენებთ, რომ xFusion არის Huawei-ის შვილობილი კომპანია.
ამჟამად Huawei ამერიკული სანქციების ქვეშაა, xFusion კი ფორმალურად დამოუკიდებელი კომპანიაა.
სინამდვილეში, ტექნოლოგიურად xFusion Huawei-ს სერვერული ბიზნესიდან მოდის.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ჩინეთი ცდილობს ძლიერი შიდა ალტერნატივების შექმნას, რომელიც ქვეყანაში და აზიურ ბაზარზე ამერიკულ ტექნოლოგიებს ჩაანაცვლებს.