საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასის მერყეობა გრძელდება. დღევანდელი მოცემულობით, 1 უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულება 3,272 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 35-36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ TBC Capital - ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა განუცხადა, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ოქროს გაძვირება გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნისთვის ტარიფების დაწესება და "სავაჭრო ომის" გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების ზრდას იწვევს.

„ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ინვესტორების მხრიდან ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია. ისინი ოქროს თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტებიც, რომელთაც ოქრო - რეზერვების შესავსებად სჭირდებათ“, - აღნიშნა რატი კალანდარიშვილმა.

უნდა ითქვას, რომ ოქროს ყველაზე დიდ რეზერვებს მსოფლიოში აშშ, გერმანია და იტალია ფლობენ. საერთო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების საკუთრებაში თითქმის 32 ათასი ტონა ოქროა აკუმულირებული, ამ რესურსის საბაზრო შეფასება კი დაახლოებით 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება პროგნოზებს ოქროს ფასებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები ელიან, რომ მომდევნო 3 წელში ოქროს ფასი კვლავ აღმავალი იქნება. „სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ოქროს ფასი წლის ბოლოსთვის კვლავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება და შესაძლოა, უნციაზე 3700 დოლარსაც გადააჭარბოს. ზოგიერთი ბანკის პროგნოზით კი, 2025 წლის განმავლობაში, მისი ფასები 3200-დან 3500 დოლარის ფარგლებში იქნება“, - განმარტა რატი კალანდარიშვილმა.

ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს გავლენა აქვს საქართველოზეც და ოქროს ნაკეთობების მწარმოებლები ამბობენ, რომ ბოლო 1 წლიან მონაკვეთში, ოქრო როგორც ნედლეული, 90 ლარით გაუძვირდათ და ახლა 1 გრამს 280-285 ლარად ყიდულობენ, რაც მათთვის დიდი დარტყმაა. მწარმოებლების თქმით, ჯერჯერობით, გაძვირებული ნედლეული ოქროს ნაკეთობების ფასზე არ აუსახავთ, თუმცა ერთთვიან მონაკვეთში, აპირებენ ფასები 5-6%-ით დააკორექტირონ.

bp.ge