ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. რეისები კვირაში ორი სიხშირით სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება. 


ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე ხომალდი უკვე გაფრინდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება.2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი ესტუმრა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.