ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცაფრთხილობს“. ამავე დროს, ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოშიქართული ოცნებისხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, - რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.

„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - თქვა მარტა კოსმა.

ევროკომისრის განცხადებით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება: „ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“.

კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, ევროკომისარმა კოსმა უპასუხა: „ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი [დიალოგი] ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორე [დიალოგს] მიგრაციაზე და ვნახავთ, [სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის] საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში“, მან განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“.