უცხოელი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია შესაძლოა, გადავადდეს, - ამის შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კერძოდ, პროექტის თანახმად, იგეგმება რეგისტრაციის ერთი წლით, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადება.
იგეგმება ჯარიმების გადავადება - ვის შეეხება?
შეგახსენებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის -1-ლი იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), ასევე ტურისტული გიდი და ა.შ.
თუმცა, უცხოელ გიდებზე რეგისტრაციის ვალდებულების ამოქმედება მიმდინარე წლის ივნისიდან იგეგმებოდა. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ რეგისტრაციის გავლა მომავალი წლის ზაფხულიდან მოუწევთ.
აღსანიშნავია, ისიც რომ ტურისტული სუბიექტების რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, სარეგისტრაციო პროცესი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით დარჩენილი არაერთი სუბიექტი, რომელთაც რეგისტრაცია არ დაუსრულებიათ, რის გამოც ჯარიმის ამოქმედება სექტორს პრობლემას შეუქმნის.
ამის ფონზე საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელებისთვის დაწესებული ჯარიმების ამოქმედება ერთი წლით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა გადაიდოს.
ცნობისთვის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე კანონის მიხედვით 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი მეზურნიშვილი.