ტურიზმის მასშტაბები გაიზარდა. მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. ზაფხულის სეზონი აქტიური და მიმზიდველი გახდა შიდა და გარე ტურიზმისთვის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ზღვისპირა კურორტები. მათზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. 

არნახულად აქტიური ტურისტულ სეზონზე ცხადყოფს საქსტატის მონაცემები. მათ მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ შარსანდელთან შედარებით წელს ვიზიტორტა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. მზარდია შიდა ტურიზმიც. ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სეზონის აქტიურობა, პირველ რიგში, განპირობებულია ქვეყანაში არსებული სტაბილურობით. რადგან ვნებათაღელვამ ჩაიარა და სიტუაცია დარეგულირდა, ტურიზმიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს ექსპერტი ნიკო კვარაცხელია. მისივე თქმით, საქართველოში ეს სფერო დღითი დღე ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები უხვადაა, სფერო მზარდია და ქვეყანა ტურისტებისთვის თანდათან მიმზიდველი ხდება.

,,წელს ზღვაზე გაცილებით დიდი რაოდენობითაა დამსვენებლები, ვიდრე ველოდით. სფეროზე უარყოფით გავლენას ქვეყანაში კონკრეტული კანონების მიღება კი არა დესტაბილიზაცია ახდენს. მთავარია, სტაბილურობა იყოს. მართალია ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია. ზღვისპირა რაიონები აქტიურია, მთა შედარებით ნაკლებაა დატვირთული, თუმცა დაბალანსება მაინც ხდება და ჯამური რიცხოვნობა დიდია. ტურისტების რაოდენობა გაცილებიტ მეტი იქნებოდა, აზერბაიჯანს საზღვრები რომ არ ჩაეკეტა. მილიონზე მეტი ტურისტი შემოდიოდა ყოველწლიურად მეზობელი ქვეყნიდან, რაც დიდი დანაკარგია ჩვენთვის.

თვალში საცემია ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებაც, რაც მეტწილად მასმედიის დამსახურებაა. რეკლამდებოდა ბევრი პროექტი, როგრებიცაა ,,ვიმოგზაუროთ საქართველოში", ,,გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა" და ა.შ. ამან ხელი შეუწყო იმ გარემოებას, რომ ქართველებმა ისწავლეს საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობა.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბუნებით ტურისტული ერი არ ვართ. ზურგჩანთით ქართველს იშვიათად ნახავთ. კომფორტის ხალხი ვართ. გვინდა, რომ სახლიდან გასული პირდაპირ მესტიაში ჩავფრინდეთ, არადა მთის ხიბლი ფეხით სიარულია. ასე დადიან შვეიცარიაში, ევროპაში და ა.შ. კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. მეტი მიმზიდველობა უნდა შევძინოთ სფეროს და დღთი დღე განვავითაროთ. ეს წაადგება ქვეყანას და სექტორს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

წლევანდელი სეზონი რეკორდული ტურისტული მაჩვენებლით გამოირჩევა, ამას ადასტურებენ სფეროს წარმომადგენლებიც, რომელბსაც სეზონის დასაწყისში ბევრი რამ ეეჭვებოდათ. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძის შეფასებით, განსაკუთრებით აქტიური ზღვისპირა ზოლია.

„შავი ზღვის პირეთში არსებულმა აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თბილისში ბოლომდე არ გამართლდა, ჩვენი იმედები, მაგრამ კომპენსირება ქვეყნის კუთხეების აქტიურობამ მოახდინა.

ტურიზმის სფეროს ასეთ აქტიურობას ხელი შეუწყო ტურიზმის დეპარტამენტის სწორმა მიდგომამ. მათ ბევრი იმუშავეს და მოახერხეს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელმისაწვდომი გაეხდათ სხვადასხვა ქვეყნებითვის, სადაც ამის საჭიროება იყო, დაემატებინათ რეისები საქართველოს მიმართულებით და ა.შ. ამან შესაბამისი შედეგი გამოიღო. ავიარეისებმა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის მიმართულებით შესაძლებლობა მოგვცა წლევანდელი სეზონი ტურისტების რაოდენობის კუთხით გაზრდილიყო", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ საკმაოდ აქტიურია შიდა ტურიზმიც. ეს უკანასკნელი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ყოველთვის მზარდი იქნება.

ის, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს და დროის კუთხით  მოგზაურობა საქართველოში მარტივი ხდება ზრდის შიდა ტურიზმის განვითარების ფაქტს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსული ტურისტებიც მრავლად არიან.

,,ყურადსარებია ის გარემოება, რომ გაცილებით იმატა საქართველოდან წასული ემიგრანტების ტურისტების სახით უკან დაბრუნებამ. მართალია, სეზონის დასაწყისში ბევრი საუბარი იყო მოსალოდნელ ჩავარდნზაე, რასაც რასაც არასტაბიულური მდგომარეობა განაპირობებს ხოლმე, მაგრამ ეს ეჭვი არ გამართლდა. თუ ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა ეს უარყოფითად აისახება  ტურიზმზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საინტერესო და მიმზიდველი არ იქნება.

,,გამჭვირვალობის" კანონის მიღებამ ქაოსი და აჟიოტაჟი შექმნა. ამან სფეროზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. გაუქმდა მრავალი ჯავშანი, შესაბამისად, მოლოდინიც დაბალი იყო. თუმცა ქვეყანამ მალევე აღადგინა ბალანსი და კვლავ დაიწყო ჯავშნების ზრდა და ტურიზმის წინსვლა", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

,,საქსტატის" ბოლო მონაცემებით, საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ იზრდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 შეადგინა.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722 900-ით განისაზღვრა, რაც 7.8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

"საქსტატის" გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

წყარო: რეზონანსი