2024 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგის სათავეში კატარის ავიახაზები (Qatar Airways) მოხვდა, რომელმაც გასული წლის პირველადგილოსანი სინგაპურის ავიახაზები (Singapore Airlines) ჩაანაცვლა. რეიტინგს საჰაერო ტრანსპორტის სარეიტინგო კომპანია Skytrax-ზე დაყრდნობით, RankingRoyals-ი აქვეყნებს.

რეიტინგში მესამე ადგილზე საამიროების Emirates Aviation მოხვდა, რომელიც შარშან მეოთხე პოზიციაზე იყო. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი ANA All Nippon Airways და Cathy Pacific Airways იკავებს.

Skytrax-ი საუკეთესო კომპანიათა რეიტინგს მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. 2023-2024 წლების რეიტინგიც 100 სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შეფასებაზე დაყრდნობითაა შედგენილი. საუკეთესო ავიახაზებთან ერთად წამყვანი კომპანიები სხვადასხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. მაგალითად, თუ ზოგადი შეფასებით საუკეთესო ქულა Qatar Airways-მა დაიმსახურა, იგი ასევე აღმოჩნდა “მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის” და “შუა აღმოსავლეთში წამყვანი ავიაკომპანიის” კატეგორიების გამარჯვებულიც. სინგაპურის ავიახაზებმა კი პირველი ადგილი დაიკავეს “მსოფლიოს საუკეთესო ეკიპაჟისა” და “საუკეთესო პირველი კლასის” კატეგორიებში და აზიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.