მოგზაურობაზე მოთხოვნა 80%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა გიორგი მელიქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელთა მცირე ნაწილმა უკვე არსებული ჯავშნები გააუქმა.

"ტენდენციები ძალიან კლებადია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მარკეტინგული თვალსაზრისით არც ჩვენ ვაქტიურობთ და ხალხის ყურადღებაც სხვა საკითხებისკენ არის მიმართული. გამყვან ტურიზმში მოთხოვნა, ფაქტობრივად, უკიდურეს მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კომპანია ზარალზეა, რადგან მოთხოვნა თითქმის გაჩერებულია.

პროცესები თუ 3-4 თვე გაგრძელდა შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, თუმცა მეეჭვება მიმდინარე პროცესი ამდენი ხნით გაგრძელდეს", - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

bp.ge