„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ცოტა რთული სეზონი გვაქვს,“ - ასე ფიქრობს "გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი.

როგორც ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განმარტა, ზამთრის ტურიზმში კრიზისის ნიშნები არ იკვეთება, ძირითადი პრობლემა უფრო თბილისზე მოდის.

"ზამთრის კურორტები საკმაოდ დატვირთულია და როგორც თვითონ აღნიშნავენ, კარგი სეზონი აქვთ. ძირითადი პრობლემა უფრო თბილისზე მოდის. დეკემბერი გასტრონომიაში და სარესტორნო ბიზნესში ზოგადად კორპორატიული თვეა და ბიზნესს ყოველთვის მოლოდინი აქვს, რომ დიდი დატვირთვა იქნება.

2024 წლის ბოლო, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული იყო. საერთოდ ყველა კორპორატიული შეკვეთა გაუქმდა, რამაც რა თქმა უნდა ბიზნესზე იმოქმედა. ის შემოსავლები, რაც წლის ჭრილში იყო განსაზღვრული, ფაქტობრივად, დაიკარგა. იანვარში ნელ-ნელა კი „ამოიქაჩა”, მაგრამ დანაკლისი მაინც დარჩა,“ - განაცხადა კვიჭიძემ და დაამატა, რომ საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამ კონტექსტში მან საერთაშორისო გასტროკონგრესზე - Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. როგორც კვიჭიძე ამბობს, გასტროკონგრესზე ქართულმა პროდუქტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„საქართველო უკვე მეორე წელია რაც ამ კონგრესზე მონაწილეობს. მე, პირადად, პირველი წელია რაც ვესწრებოდი. საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეული ქართული პროდუქტები. ესენი გახლდათ: წიპწის ზეთი, ღვინის მარილი, სხვადასხვა საწებლები, აჯიკები. ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ მათთვის უცხო იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა გრძელმა თხილმა, რომელიც, თითქოს, ჩვენთვის ჩვეულებრივია, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, რა იყო ეს.

ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველი, რომელიც ჩვენ წავიღეთ. ეს იყო სვანური ნარჩვი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს საქართველოსთვისაც უცხოა, ბევრმა არც იცის და არც გაუსინჯავს, წარმოებაც ნაკლებია და ამიტომ მათთვის ეს პროდუქტი ძალიან საინტერესო იყო. გუდის ყველზე გავამახვილებდი ყურადღებას – სტუმრები მოდიოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე საუკეთესო ყველია, რაც გავსინჯეთო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და თან საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა ბაზარზე შეხვიდე,”- განაცხადა კვიჭიძემ და შეეცადა ჩამოეთვალა ყველა კერძი, რაც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს უცხოელებში. 

“ხინკალი - მათთვის მისაღები პროდუქტია და ძალიან უყვართ. ვინც ჩამოდის, პირველ ადგილზე ხინკალს აყენებს. ასევე ფხალეული თავისი ნიგვზიანი ბადრიჯნით. ზოგადად, ფხალეულზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ძალიან მოსწონთ,”- ამბობს კვიჭიძე.