2025 წლის ზაფხულის სეზონს ქართული ტურიზმი ახალი რეალობით ხვდება: ევროპელი ვიზიტორების ნაცვლად, წელს ქვეყანა ძირითადად აზიური და არაბული ქვეყნების დამსვენებლებს უმასპინძლებს,- ამის შესახებ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი აქტიურობაა ისრაელის მოქალაქეების მხრიდანაც, თუმცა მათი ინტერესის სფერო ძირითადად არა დასვენება, არამედ სათამაშო ბიზნესია. 

,,ქართული ტურიზმი 2025 წელს გარკვეულწილად სახეცვლილი შეხვდება, ის ტურისტები, რომლებსაც წელს ვუმასპინძლებთ, წინა წლებთან შედარებით სრულად განსხვავებული იქნებიან. აქამდე ჩვენი სექტორი ევროპელ ტურისტებს იყო მიჩვეული, მაგრამ წელს ისინი ბევრნი არ იქნებიან- წელს ადგილობრივი ტურიზმი შემოიფარგლება ჩინეთით, ინდოეთით, არაბული ქვეყნებით და   ისრაელი. ისრაელის მოქალაქეები ძალიან არიან დაინტერესებული ბათუმში ვიზიტით; თბილისში კი ძირითადად ჩინელ, არაბ და ინდოელ ტურისტებს ველოდებით.

ბოლო დღეებში, საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადება, გარკვეულწილად ახალი დამაბრკოლებელი ფაქტორია, არა მხოლოდ ფრანგი და პოლონელი ტურისტების ჩამოსვლის მხრივ, არამედ მთლიანად ევროპელებისთვის.

არსებული სიტუაცია ტურიზმის სექტორში გამოწვევაა და არა ევროპული ტურიზმის დანაკლისის ბალანსი. ეს ტურისტები ჩამოვლენ, მაგრამ მიიღებენ თუ არა იმას, რა სურვილიც ჰქონდათ, ეს გამოწვევაა. ფინანსური მხრივაც, ტურისტების ეს კატოგორია, მხარჯველთუნარიანობით არ გამოირჩევა, გამონაკლისია ისრაელის მოქალაქეები. ისრაელის მოქალაქეები ძირითადად სათამაშო ბიზნესით არიან დაინტერესებული. სათამაშო ბიზნესი ისრაელის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო კვებას, უფასო ბილეთებს, განთავსებას და 5000$-იან განთავსებას კაზინოში, შესაბამისად,  ეს შეფასების სხვა კატეგორიაა.

აზიური და არაბული ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენი კულტურა და მათი კულტურა გარკვეულწილად განსხვავებულია. ჩვენ მომსახურე პერსონალს და გასტრონომიას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მათი სურვილები დააკმაყოფილონ",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.