5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, პროექტი – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები – მათი მნიშვნელობა და სარგებელი“ გამარჯვებული, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მიმდინარე წელს, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები წარმოადგინეს. თემატური ნამუშევრები ასახავდა მათ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასთან და სარგებელთან.

„დაცული ტერიტორიებს როლი უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება-ჩამოყალიბების, არსებულის გაფართოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა - მონიტორინგის მიმართულებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რათა მომავალმა თაობებმა ადრეულ ასაკშივე მეტი ინფორმაცია მიიღონ, შეიყვარონ საქართველოს უნიკალური ბუნება და გახდნენ მისი დამცველები“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა; გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ბათუმში, წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენებით და სანაპიროს დასუფთავების აქციით აღნიშნა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში, სკოლის მოსწავლეებისთვის ინფოტური და მათი ნამუშევრების გამოფენა გამართა.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს