სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ენერგეტიკული ბირჟის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანიები ფულს ზოგავენ, თუმცა სრულად ამოქმედდება თუ არა ბირჟა ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ენერგეტიკული ბირჟა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ნებაყოფლობითი ვაჭრობის რეჟიმში, სადაც კომპანიები ნებაყოფლობით რეგისტრირდებოდნენ, როგორც მყიდველები ასევე გამყიდველები. ბირჟაზე ვაჭრობამ აჩვენა, რომ სისტემა გამართულია და კომპანიებისთვისაც მისაღებია ვაჭრობის არსებული მექანიზმი, იმიტომ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხები დაზოგეს. ანუ უფრო იაფად შეძლეს ეყიდათ ენერგია, ვიდრე ეს იქნებოდა ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება იმით, რომ ივაჭრონ ბირჟაზე, თუნდაც ეს იყოს ნებაყოფლობითი ვაჭრობის რეჟიმში იყოს. თუმცა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. დღეს არსებული რეგულაციის მიხედვით, რომელიც მთავრობამ თავის დროზე მიიღო, პირველი ივლისიდან უნდა მოხდეს ბაზრის გახსნა თუ სხვა რამე ცვლილება არ მოხდა ამ რეგულაციაში", - ამბობს ნარმანია.

ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.

bm.ge