მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირდებათ როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
აღნიშნულ საკითხზე არსებული სადავო კითხვებს პასუხები ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა ადვოკატმა ნუგბარა როსტიაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გასცა.
როგორ ხდება რამდენიმე მემკვიდრეს შორის წილების გადანაწილება? ვის რა მოტივით ენიჭება პრიორიტეტი?
ამ დროს მოქმედებს ზოგადი სამკვიდრო მიღების წესი. პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ ქონება, თუმცა თუ მათ გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა, ამ შემთხვევაში იმ მიწის ფლობის ფაქტობრივი დოკუმენტით უნდა დაადასტურონ. თუ 6 თვის ვადაში მათ მიიღეს ზოგადი ტიპის სამკვიდრო, ამ შემთხვევაში იმ მიწის ნაკვეთსაც მიიღებენ, რომელზეც უფლებადამდგენი დოკუმენტი იყო მამკვიდრებლის სახელზე.
სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში. თუკი ადამიანმა იცოდა, რომ არსებობდა თუნდაც საკომლო ჩანაწერი, მებაღეობის წიგნაკი და ა.შ. რომლითაც მისი მამკვიდრებელი ადამიანი ფლობდა მიწის ნაკვეთს საქართველოში, მას შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და 6-თვიან ვადაში მიიღოს კუთვნილი მემკვიდრეობა. ხოლო, თუ 6 თვე გავიდა და ხდება ისე, რომ მემკვიდრემ არც მიაკითხა თავის კუთნილ ქონებას, ამ შემთხვევაში თავად სააგენტოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს რომელი პირის არის ქონება. თუ 3 წლის განმავლობაში ეს პირი არ მიმართავს სააგენტოს, რეგისტრაცია უქმდება და ქონება გადადის სახელმწიფოს სახელზე. ეს იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო ადგენს, ვის უნდა ეკუთვნოდეს ესა თუ ის მიწის ნაკვეთი.
თუ სააგენტომ დაადგინა, რომ მემკვიდრეობის უფლება ამოვიდა 5 ადამიანზე, მაგრამ, 2 ადამიანთან მიკვლევადობა ჭირს, ამ დროს რა ხდება?
ამ დროს სამკვიდროს მიიღებს ის სამი ადამიანი, რომელთან კომუნიკაციაც მოხდა.
თუ ერთი მემკვიდრის მიერ ფლობა დასტურდება მოწმეებით, მაგრამ არიან სხვა მემკვიდრეებიც?
თუ 6 თვის ვადაში არ მოხდა სამკვიდროს მიღება, ამ შემთხვევაში ის მემკვიდრე მიიღებს ქონებას, ვინც ფაქტობრივად დაეუფლა, მაგრამ თუ 6 თვის ვადაში პირველი რიგის ყველა მემკვიდრემ მიმართა, ამ შემთხვევაში ყველა მიიღებს თანაბრად.