თბილისში, სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებული კურიერების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ვოლტის” და “გლოვოს” წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.
კურიერების განმარტებით, ისინი უწყებისგან მოითხოვენ, რომ საკურიერო კომპანიის ოფისებში შევიდნენ და მათი მუშაობა გადაამოწმონ.
ამასთან, ისინი უწყებისგან მოითხოვენ, რომ „გამოავლინონ სავარაუდო ფინანსური გადაცდომები (შესაძლო თაღლითობა) კურიერთა კუთვნილი თანხების გადაუხდელობის სახით”.
ასევე, აქციის მონაწილეები საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.
გარდა ამისა, კურიერები ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულები, შესაძლოა, საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ.
კურიერების განმარტებით, ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ.
სარჩელის ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.