ვიფიქრე, საკუთარ თავთან, chapgpt-ის ფორმატში მეცადა საქართველოს ეკონომიკის და მისი ზრდის პარადოქსების ახსნა (ოღონდ, chatgpt-ის გამოყენების გარეშე) - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის კითხვა-პასუხს აქვეყნებს.

„კითხვა: როგორ შეიძლება ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს, მაგრამ, პარალელურად სახელმწიფო ვერ ახერხებდეს საკმარისი გადასახადების აკრეფას?

პასუხი: ის სექტორები, რომელთა ხარჯზეც იზრდება ეკონომიკა, არ იხდიან გადასახადებს.

კითხვა: რომელი სექტორი იზრდება, რომელშიც მთავარი აქტორები თითქმის არ იხდიან გადასახადებს?

პასუხი: ICT სექტორი, რომელიც ბოლო წლებია ფაქტიურად მთლიანად იზრდება საერთაშორისო საწარმოების ხარჯზე, რომლებიც სპეციალური საგადასახადო რეჟიმიდან გამომდინარე (https://www.internationalcompany.ge/), თითქმის არ იხდიან საქართველოში გადასახადებს. კითხვა: გვაქვს რაიმე ინფორმაცია ამ სექტორის 2025 პირველ კვარტლის შედეგების შესახებ?პასუხი: კი, გუშინ საწარმოთა საქმიანობის შესახებ დადო საქსტატმა ახალი მონაცემები (https://www.geostat.ge/.../satsarmota-sakmianobis...)

კითხვა: რას ვხედავთ ამ მონაცემებში?

პასუხი: ბინგო!!!

• ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორის გამოშვება/Output პირველ კვარტალში 98,4%-ით არის გაზრდილი (არანორმალური შედეგია!!!);

• თუ ამ სექტორის ზრდას ამოაგდებ, მაშინ, ბიზნესის გამოშვების ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით მცირდება (15,6%-დან 8,9%-მდე);

• სხვა სიტყვებით, პირველ კვარტალში ბიზნესის მთლიანი გამოშვების ზრდის 46% ICT სექტორზე მოდის (ვაუ!!!);

• გამოშვების მხრივ, პირველ კვარტალში ICT სექტორი 12,6%-ით უკვე მე-4 ადგილზე სექტორებს შორის (ვაუ!!!). (პირველზეა მრეწველობა - 18%, მეორეზეა ვაჭრობა - 17% და შემდეგ, მშენებლობა - 15%);

• 2025 წლის პირველ კვარტალში ICT-ის სექტორის გამოშვება უფრო მაღალია ვიდრე ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მუერნეობის, განათლების და სამთომოპოვების სექტორების გამოშვება ერთად აღებულია (!!!).

კითხვა: რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, არსებული ეკონომიკური ზრდის დაახლოებით ნახევარი (ანუ, დაახლოებით 4%), ICT სექტორის ზრდაზე მოდის.

კითხვა: ეს ცუდი მოვლენაა? გასაკვირია? საეჭვოა?

პასუხი:

• თავისთავად, ეს არ არის ცუდი მოვლენა. თავის დროზე, საერთაშორისო საწარმოების მოზიდვა იყო სწორი ინიციატივა და მოიტანა კარგი შედეგები.

• მარა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს ზრდა არის ძალიან უცნაური შედეგი, რადგან საერთაშორისო ICT საწარმოების გაყიდვები და დასაქმება მნიშვნელოვნად შემცირდა 2024 წელს, 2023-თან შედარებით. ამას ადასტურებს გუშინ დაჩქარებული წესით ინიცირებული ქართული ოცნების კანონიც IT ბინადრობის მოწმობების გაცემის შესახებ, რომლის განმარტებით ბარათშიც თვითონ ქართული ოცნება წერს, რომ სასწრაფოდ არის სიტუაცია გამოსასწორებელი, რადგან, საერთაშორისო საწარმოებს უჭირთ სპეციალისტების შენარჩუნება და შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება ამ სფეროშიო (2024 წლის მდგომარეობით, მხოლოდ 9500 ადამიანი მუშაუბს საერთაშორისო საწარმოებში და წინა წელთან შედარებით კლება არის დაახლოებით 9%).

• ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე (2024 წელს შემცირებული ICT სერვისების ექსპორტი და დასაქმებულთა რაოდენობა), წელს პირველ კვარტალში სექტორის გამოშვების/Output-ის თითქმის 100%-იანი ზრდა ხდება უკვე ძალიან საეჭვო. სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში ხდება ამ სერვისის მიწოდება და შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს საზღვრებს გარედან ხდებოდეს სერვისის მიწოდება უცხოეთში, ხოლო ქაღალდზე, სავსებით ლეგალურად, საგადასახადო შეღავათების გამო, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები აგენერირებებდეს შესაბამის შემოსავლებს/ბრუნვებს, ოღონდ ისე, რომ თითქმის არ იხდიდნენ გადასახადებს საქართველოში და არც ის შემოსავალი იხარჯებოდეს ჩვენთან.

• ფაქტიურად, საქართველო გამოდის ICT-სექტორის საგადასახადო სამოთხე (Tax Heaven), რომელშიც ICT კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც არც კი ვიცით, საიდან მუშაობენ, აგენერირებენ ბრუნვებს, თითქმის არ იხდიან გადასახადებს და შემდეგ, ქართული ოცნება ამ საწარმოების ბრუნვების/გაყიდვების საფუძველზე ქართული ეკონომიკური ზრდის საოცრებაზე გველაპარაკება.

• ეს ზრდა არ არის ინკლუზიური და მხოლოდ მცირედით თუ ეხება რეალურ ეკონომიკას, რადგან, თვითონ ქართული ოცნება ამბობს, რომ ამ საწარმოებში ჯამში 9500-მდე ადამიანი საქმიანობს (მოსახლეობის 0,25%) და თუ მხოლოდ მათზე მოდის ეკონომიკის ზრდის 4%, ეს ზრდა ვერ ჩაითლება ინკლუზიურად.

• ეს ზრდა არ არის მდგრადი, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის შესთავაზებს სხვა ქვეყანა ამ კომპანიებს უკეთეს პირობებს; არც ის ვიცით, თუ როდემდე მოუნდებათ ამ კომპანიებს და მათ თანამშრომლებს საქართველოში ცხოვრება და ბოლო დღეების ქართული ოცნების ნაჩქარევი საკანონმდებლო ცვლილებები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო კომპანიებს სერიოზული წუხილები გააჩნიათ საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით.

• ეს ზრდა არ იძლევა მნიშვნელოვან ფისკალურ შედეგს, რადგან საერთაშორისო კომპანიები თითქმის არ იხდიან საქართველოში გადასახადებს.

კითხვა: დასკვნები?

პასუხი: ქართული ოცნება ცდილობს, რომ ვირტუალური ეკონომიკური ზრდის ფარდის ქვეშ დამალოს ყველა ის პრობლემა, რაც ბოლო 5 თვეში დაგროვდა საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. ამ დროს, ყველა ეს დაგროვილი პრობლემა - სავარაუდო ბიუჯეტის სეკვესტრი, საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი კლება, უმუშევრობის ზრდა, პრობლემები მშენებლობის, ტურიზმის სექტორში და სხვა სექტორებში, გაზრდილი ინფლაცია და ასე შემდეგ - ძალიან რეალურია და ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს. ხოლო ეს ვირტუალური ეკონომიკური ზრდა არც ინკლუზიურია და არც მდგრადი; და საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს“, - წერს გიორგი ხიშტოვანი.