ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით აღდგენილია ახალგაზრდა ქალის „საოცრად თანამედროვე“ სახე, რომელიც მიკენური სამეფო ოჯახის წევრი იყო და დაახლოებით 3 500 წლის წინ ცხოვრობდა.
30 წლის ქალი, რომლის სახეც საოცარი ტექნოლოგიის წყალობით „გაცოცხლდა“, მიკენის სამეფო სასაფლაოზე ძვ.წ. XVI-XVII საუკუნეებში დაკრძალეს, თავად სასაფლაო კი წინა საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს.
ქალი სამეფო პატივით არის დაკრძალული - ელექტრუმის სახის ნიღბითა და საომარი იარაღების ნაკრებით, მათ შორის - სამი ხმლით, რომლებიც თავდაპირველად მის გვერდით დაკრძალული მამაკაცის საკუთრებად მიიჩნეოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალს ეკუთვნოდა. ჩატარებული დათარიღების მიხედვით ასევ დადგინდა, ეს ქალბატონი აგამემნონის მმართველობამდე და ტროას ომამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდა.
„პირველად ვხედავთ სამეფო ოჯახის წევრი ქალის სახეს, რომელიც ტროელ ელენესთან ასოცირდება“, - ამბობს ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ემილი ჰაუზერი, რომელმაც ციფრულ ხელოვან ხუანხო ორტეგას ქალბატონის სახის რეკონსტრუქცია დაუკვეთა და უახლოეს მომავალში ქალის თვალით დანახულ ჰომეროსის ეპოქაზე წიგნის გამოქვეყნებას აპირებს.
„ძალიან საინტერესოა იმის გააზრება, რომ დაკრძალვიდან 3 500 წლის შემდეგ, პირველად შეგვიძლია ვნახოთ ბრინჯაოს ხანის სამეფო ოჯახის წევრი ქალის ნამდვილი სახე. ის არაჩვეულებრივად თანამედროვეა. ასეთი ციფრული აღდგენა გვარწმუნებს, რომ ისინი „ნამდვილი“ ადამიანები იყვნენ“.
ციფრულმა ხელოვანმა ხუანხო ორტეგამ შექმნა რეალური სახე, რისთვისაც მან მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მანჩესტერის უნივერსიტეტში შექმნილი იმავე ქალის თიხის კონსტრუქცია გამოიყენა. ზოგადად, სასამართლო ანთროპოლოგიისა და დნმ-ის ანალიზის ტექნიკურმა პროგრესმა, ისევე როგორც რადიოკარბონულმა დათარიღებამ და 3D ციფრულმა ბეჭდვამ, ძველი სამყაროს „გაცოცხლების“ საქმეში მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია.
დნმ-ს ანალიზმა დაადასტურა, რომ საფლავში მყოფი მამაკაცი და ქალი და-ძმანი იყვნენ და არა ცოლ-ქმარი, რაც აბათილებს ტრადიციულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ თუ საფლავში ქალი მამაკაცის გვერდით არის დაკრძალული, ის აუცილებლად მისი მეუღლე უნდა იყოს.
„ეს ქალი სამეფო სასაფლაოზე მისი წარმომავლობის და არა ქორწინების გამო დაკრძალეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პერსონა იყო ის... გამოვლენილი მონაცემები ადასტურებს, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხებში ქალებთან უფრო მეტი იარაღი გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან, რაც მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმ პერიოდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ქალების მონაწილეობის შესახებ“, - აღნიშნავს ჰაუზერი.
ქალის ძვლების მდგომარეობა მიუთითებს, რომ მას ხერხემალსა და ხელებში ართრიტი აწუხებდა, რაც, შესაძლოა, ქსოვასთან მის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ქსოვა იყო საქმიანობა, რომელიც მიკენური ეპოქის კეთილშობილი ქალებისთვის ჩვეულ საქმეს წარმოადგენდა, როგორც ეს ჰომეროსს თავის ნაწარმოებებში არაერთხელ აღუნიშნავს.
წყარო: 1tv.ge