TikTok-ი 19 იანვარს აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის სრულად გაითიშება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემს, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.

განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ს უზნეაესმა სასამართლომ TikTok-ის სარჩელი უარყო და დაადგინა, რომ კანონპროექტი, რომლითაც ს-აპლიკაცია TikTok 19 იანვრამდე გაუსხვისებლობის შემთხვევაში აიკრძალება, კონსტიტუციას არ არღვევს.

აშშ-ში უზენაესი სასამართლო განიხილავდა, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება პლატფორმა TikTok, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ განყოფილებას 19 იანვრისთვის არ გაყიდის. სასამართლოს მიერ კანონის ძალაში დატოვება ნიშნავს, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი.

თუ აღნიშნული კანონი ძალაში შევა, მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა Apple, Alphabet's, Google და Oracle შესაძლოა მოუწიოთ დიდი ოდენობით ჯარიმების გადახდა TikTok-თან თანამშრომლობისთვის.

კანონპროექტთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ აკრძალვის აღსრულებას მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუთმობს.

ამასთან, CNN-თან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას ის მიიღებს, თუმცა, არ დაუზუსტებია, რის გაკეთებას აპირებს.

"საბოლოო ჯამში ჩემი გადასაწყვეტია, ამიტომ ნახავთ, რასაც გავაკეთებ. [...] კონგრესმა გადაწყვეტილება მომანიჭა, ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებ". - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციაზე TikTok-ის გენერალური დირექტორი, შოუ ჩიუ, სხვა ტექნოლოგიური კომპანიების გენდირექტორებთან ერთად, არის მიწვეული.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის განყოფილება ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია ვერ შეძლებს, აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევნიათ, რომ TikTok მშობელი კომპანია ByteDance Ltd.-ს მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს.

ამ გეგმის ფარგლებში, რაც Bloomberg-ის ცნობით, ზოგადად ჩინეთში დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ნაწილია, ჩინეთის მთავრობისთვის პოტენციური მაღალი დონის გარიგება ტრამპის უახლოეს მოკავშირესთან გარკვეული თვალსაზრისით მიმზიდველი ჩანს. Bloomberg-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, გაიყიდება თუ არა TikTok-ის აშშ-ს ფილიალი, ჩინეთის მთავრობა მიიღებს.

წყარო: ტაბულა