კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე კომპანია „SpaceX“-ის ევროპისა და აფრიკის რეგიონებში „Starlink“-ის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელს, დაინამაიტ ობინას შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კომპანიის საქართველოში ოპერირების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო ხედვასა და საქართველოში ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მაღალსიჩქარიანი დაკავშირებადობის გაუმჯობესება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება და სატელიტური ინტერნეტის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. მათ შორის, არსებული ტექნიკური სტანდარტების განახლება, „Starlink“-ის ახალი თაობის მომხმარებლის ტერმინალების დანერგვა, რაც ინტერნეტის სიჩქარისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საუბარი ასევე შეეხო „Starlink for Good“ ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი თემებისა და სკოლებისთვის დაკავშირებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კომუნიკაციების კომისიის მხრიდან სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „Starlink“ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც მაღალსიჩქარიან და დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არასაიმედო, შეზღუდული ან სრულიად მიუწვდომელია. „SpaceX“-ს დღეისათვის 13 000-მდე „Starlink“-ის დაბალორბიტალური (LEO) თანამგზავრი აქვს გაშვებული, რაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს.

საქართველოში თანამგზავრული ინტერნეტმომსახურების მიწოდების მიზნით შპს „სტარლინკ ჯორჯიამ“ ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა, ხოლო აბონენტების მომსახურება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

2026 წლის ივნისის მონაცემებით, კომპანიის აბონენტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 5 435-ს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აბონენტების რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 200-ით იზრდება. ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ინტერნეტის სიჩქარე 100–150 მბ/წმ-ს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 220 მბ/წმ-ს შეადგენს.

ინფორმაციას ComCom ავრცელებს