კომუნიკაციების კომისიის მიერ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის (IP პირინგის) მომსახურებისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXP) განვითარების ბარიერების კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ IP პირინგის ბაზარი მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის შემზღუდველია, ხოლო IXP-ის განვითარების პროცესი მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდის. აღნიშნული გამოწვევები კი ხელს უშლის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ინტერნეტის კონკურენტულ ფასად მიწოდებას, ასევე, ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას და საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალის ზრდას. ექსპერტების დასკვნით, აღმოჩენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევაში მონაწილე ევროპელმა ექსპერტებმა ტელეკომ ოპერატორების, მათ შორის „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „სქაიტელის“, „კავკასუს ონლაინისა“ და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს კვლევის შედეგები წარუდგინეს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კვლევის მიგნებები და სამოქმედო რეკომენდაციები.
 
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების (ე.წ. პირინგის - Peering) ბაზარზე არსებული მდგომარეობა მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის შემზღუდველია და ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ხელსაყრელი პირობებით ჩაერთონ დიდ ოპერატორებს და ჰქონდეთ საქართველოში განთავსებულ რესურსებთან სრულფასოვანი წვდომა. ამასთან, IP პირინგის ბაზარზე დამკვიდრებულია არასტანდარტული და გაუმჭვირვალე პრაქტიკა, რაც აფერხებს მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას. კერძოდ, პირინგის გარიგებების დროს, თანხას ტრაფიკის მიმღები ქსელი ან ორივე მხარე იხდის, ხოლო უფასო პირინგის გარიგებები იშვიათია, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ პრაქტიკასთან, სადაც პირინგი ხშირად ორმხრივად სასარგებლო და უფასო გარიგებაა. ამასთან, პროვაიდერებს არ აქვთ გამოქვეყნებული პირინგული პოლიტიკები, რაც ამცირებს გამჭვირვალობას.
 
გლობალურ ინტერნეტთან წვდომის მაღალი დანახარჯების გამო, საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსხვილი კონტენტ პროვაიდერების (Facebook, Google, Amazon და სხვა) რესურსების განთავსება ე.წ. ქეშირებულ სერვერებზე. მცირე ოპერატორებისთვის კი აღნიშნულ რესურსებზე წვდომაც გამოწვევაა, რაც მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.
IXP-ის (ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილი) განვითარების ძირითად ბარიერს კი წარმოადგენს მოცემულობა, რომ მასში მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერები არ არიან დაერთებულები. შედეგად, ტრაფიკის მოცულობა არასაკმარისია, რის გამოც მსხვილი კონტენტ-პროვაიდერები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი მსგავს ინფრასტრუქტურაზე თავიანთი რესურსის განთავსებით.
 
ბაზრის გაჯანსაღებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი სერვისის მიწოდების მიზნით, ევროპელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სამოქმედო რეკომენდაციები. კერძოდ, ექსპერტების დასკვნით, მნიშვნელოვანია IP ტრანზიტის და ინფრასტრუქტურაზე დაშვების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც მცირე ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, მივიდნენ ქვეყნის საზღვრებამდე და გლობალურ მომწოდებლებთან ინტერნეტ კავშირი დამოუკიდებლად შეისყიდონ. ამასთან, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „Open Net“-ის ინიციატივის გამოყენება საზღვრებთან ინფრასქტრუქტურის მოწყობისა და საერთაშორისო მიმწოდებლებთან დაერთების უზრუნველსაყოფად, გააძლიერებს კონკურენციას და უზრუნველყოფს ლოკალური ოპერატორების ეროვნულ მაგისტრალურ ქსელზე კონკურენტული ტარიფებით დაშვებას. ამასთან ერთად, ექსპერტების დასკვნის მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია IXP-ის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის ჩართულობა, რათა გაიზარდოს ტრაფიკის მოცულობა და ჩართული ოპერატორების რაოდენობა ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნულ ლოკაციებზე გლობალური კონტენტ პროვაიდერებისა და IP ტრანზიტის მიმწოდებელი საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვას, რაც გადამწყვეტი იქნება ქვეყნის ციფრულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალის რეალიზებისთვის.
 
პროექტს კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Plum Consulting Paris SAS-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც უკვე მრავალი წელია სატელეკომუნიკაციო და ციფრული ბაზრების რეგულირების მიმართულებით მუშაობს. კვლევას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები - სემ ვუდი, გრანტ ფორსაითი და მაიკ ბლანში ხელმძღვანელობენ.  
 
IP პირინგის ბაზრისა და IXP-ის განვითარება აუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია ისეთი სერვისების მომხმარებლებისთვის, როგორებიცაა საგნების ინტერნეტი (IoT), საფინანსო ტრანზაქციები, ონლაინ თამაშები, ვიდეო კონფერენციები და cloud პლატფორმები, სადაც მინიმალური დაყოვნებაც განსაზღვრავს მომხმარებლის კმაყოფილებას. IXP ასევე ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, რადგან ტრაფიკის ადგილობრივ დონეზე გაცვლა, ანაცვლებს ძვირადღირებული საერთაშორისო ტრანზიტის მოხმარებას, რაც ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებში. IXP ხელს შეუწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას, კერძოდ, წაახალისებს ლოკალური კონტენტის და სერვისების განვითარებას, შექმნის პლატფორმას საერთაშორისო კონტენტ პროვაიდერების (Amazon, Google, Meta, Microsoft და სხვა) სერვერების ნეიტრალურ წერტილში განსათავსებლად და ამასთან, დააინტერესებს გლობალური ინტერნეტის მსხვილ პროვაიდერებს, წარმოდგენილნი იყვნენ ქვეყანაში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალს. გარდა ამისა, IXP ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, კერძოდ, კიბერშეტევების გამოვლენასა და მათზე რეაგირების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.


 

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს