შესაძლებელია, რომ დაახლოებით 5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში არიან დასაქმებულები, შეამცირონ და მათი რაოდენობა განახევრდეს კიდეც,- ამის შესახებ კომპიუტერული სკოლა „მზიურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიშა ლაბაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების  რეფორმა, საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, რომლის პრაქტიკაში განხორციელებამაც, შესაძლოა განათლების სექტორში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს. 

,,შესაძლებელია, რომ დაახლოებით 5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში არიან დასაქმებულები, შეამცირონ და მათი რაოდენობა განახევრდეს კიდეც.

საუბარია რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევაზე. აქ არ არის მხოლოდ ის, რომ თბილისში შენობა გაყიდე და რუსთავში ახალი ააშენე. მთავარია სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების საკითხი, რომლებიც უკვე მორგებულები არიან რეალობას და გეგმავენ თავიანთ ცხოვრებას იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს. ასე უნივერსიტეტის გადატანა ძალიან რთულია - შეძლებენ კი პროფესორ-მასწავლებლები რუსთავში ყოველდღე ჩასვლას, შეძლებენ კი ახალგაზრდები რუსთავში სტუდენტური სამსახურები იშოვონ? უნივერსიტეტი არ არის საწყობი, ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად მიდის, გასცემს ან იღებს განათლებას და პროცესი ბევრ სხვა საკითხთან ბმაშია. მარტივად ამის გაკეთება არ გამოვა, ძალიან რთული პროცესი იქნება და სავარაუდოდ, უფრო უარეს მოცემულობას მივიღებთ, ვიდრე გვაქვს",- აღნიშნა ლაბაძემ.