თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც უსაფრთხოების არქიტექტურა ყოველდღიურად იცვლება, თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და გავლენიან სექტორად რჩება. შეიარაღების ბაზარი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებით; ის იქცა მაღალტექნოლოგიური ომის, ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსური თავდაცვის ეპიცენტრად. 2024 წლის შემოსავლების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ იმ ათ გიგანტს, რომელთა ტექნოლოგიური მიღწევებიც 21-ე საუკუნეში ომისა და მშვიდობის ბედს წყვეტენ.

Lockheed Martin (აშშ) - 64.5 მლრდ

მერილენდში ბაზირებული "ლოკჰიდ მარტინი“ მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტორია, 64.5-მილიარდიანი შემოსავლით. მისი ბიზნესმოდელი თითქმის მთლიანად სამხედრო შეკვეთებზეა დაფუძნებული. სწორედ ეს კომპანიაა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად შეფასებული საბრძოლო თვითმფრინავის, F-35-ის ავტორი. “ლოკჰიდ მარტინის" ძირითადი წარმოების ნაწილია Black Hawk-ის ვერტმფრენები F-22 და F-16 გამანადგურებლები და სხვა, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ნატოს წევრებსა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს აწვდის.

RTX Corporation (აშშ) - 43.6 მლრდ

RTX Corporation გიგანტური ინდუსტრიული კონგლომერატია, 43.6 მილიარდ დოლარიანი შემოსავლით. თავდაცვის სფეროში ისინი მსოფლიოში განთქმულნი არიან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ზუსტი დამიზნების იარაღით. კომპანია 50-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორს Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებითა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით ამარაგებს.

Northrop Grumman (აშშ) - 37.85 მლრდ

კომპანია Northrop Grumman ლიდერია ფარულ საბრძოლო მოქმედებებსა და ბირთვულ შეკავებაში. პენტაგონი სწორედ მათ მიმართავს ყველაზე საიდუმლო პროექტებისთვის, რომლებიც მომავლის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს განსაზღვრავს. Northrop-ი სათვალთვალო დრონებსა და კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებს. პროდუქტს კი, თითქმის ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის ძალებსა და ნასა-ს აწვდის. მისი შემოსავალი 38 მილიარდ დოლარს აღწევს.

BAE Systems (დიდი ბრიტანეთი) - 33.79 მლრდ

BAE Systems ერთადერთი ევროპული კომპანიაა ხუთეულში და მეოთხე ადგილს 33.8 მილიარდიანი შემოსავლით იკავებს. ის ბრიტანეთის თავდაცვის ხერხემალია, თუმცა მას გიგანტური საწარმოო ბაზა აქვს აშშ-შიც, რაც მას პენტაგონისთვის “ადგილობრივ" მოთამაშედ აქცევს.

General Dynamics (აშშ) - 33.63 მლრდ

სანამ სხვები ცას ამაგრებენ, General Dynamics-ი ხმელეთსა და ზღვაზე დომინირებს. ისინი მძიმე ჯავშანტექნიკისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლები არიან. პროდუქტს კი ძირითადად აშშ-ის არმიასა და ფლოტს, ასევე პოლონეთს, ეგვიპტესა და ქუვეითს აწვდიან.

Boeing (აშშ) - 30.55 მლრდ

ბოინგი ყველასთვის ცნობილი სამგზავრო თვითმფრინავების წარმოებითაა, თუმცა მისი შემოსავლის თითქმის ნახევარი თავდაცვისა და კოსმოსური სექტორიდან მოდის. პრობლემების მიუხედავად, ის ამერიკული სამხედრო მანქანის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება. ბოინგის შემოსავალი 30 მილიარდს აღემატება.

Rostec (რუსეთი) - 27.12 მლრდ

"როსტექი“ რუსული სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ასობით საწარმოს აერთიანებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანიის ქარხნები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა რუსეთის არმია უზრუნველყოს ყველაფრით - ავტომატებიდან დაწყებული, გამანადგურებლებით დასრულებული. კომპანია, რომლის შემოსავალიც 27 მილიარდს აღწევს, შეარაღებას ინდოეთს, ჩინეთს, ალჟირსა და ირანსაც აწვდის.

Aviation Industry Corp (ჩინეთი) - 18.92 მლრდ

Aviation Industry Corp ჩინეთის სამხედრო ავიაციის მთავარი მიმწოდებელია. კომპანია სწრაფად განვითარდა და საბჭოთა ტექნიკის ანალოგების წარმოებიდან საკუთარი მეხუთე თაობის სტელს-ტექნოლოგიების შექმნაზე გადავიდა. ჩინეთის არმიასთან ერთად, კომპანიის მყიდველებს შორის პაკისტანი და აფრიკული სახელმწიფოები ხვდებიან. 2024 წლის შემოსავალი კი თითქმის 19 მილიარდი დოლარია.

China Electronics Tech (ჩინეთი) - 18.92 მლრდ

China Electronics Tech ჩინეთის სამხედრო "ტვინია", რომელიც იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რადარებსა და ელექტრონიკას ქმნის, რომლის გარეშეც თანამედროვე იარაღი უსარგებლოა. მაღალტექნოლოგიური რადარებითა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სათვალთვალო ტექნოლოგიებით კომპანია ექსკლუზიურად მხოლოდ ჩინეთს ამარაგებს და მისი შემოსავალიც 19 მილიარდს აღწევს.

L3Harris Technologies (აშშ) - 16.21 მლრდ

L3Harris-ს ხშირად სამხედრო სამყაროს "ჩუმ გიგანტს“ უწოდებენ. კომპანია ბრძოლის “ციფრულ ველზეა" ფოკუსირებული, რაც დაცულ რადიოკავშირის, ღამის ხედვის ხელსაწყოებისა და სენსორების წარმოებას გულისხმობს, რითაც შემდეგ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს. L3Harris Technologies ათეულს 16.2 მილიარდიანი შემოსავლით ხურავს.

მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო კომპანიების ათეული ნათლად ასახავს ძალთა გლობალურ განაწილებას. ამერიკული კორპორაციები კვლავ ინარჩუნებენ ტოტალურ დომინირებას, რაც ხაზს ვაშინგტონის ტექნოლოგიურ და ფინანსურ უპირატესობას უსვამს.

bm.ge