საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს. 

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები - Retain და Amblify გახდნენ.

სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას. 

Retain ქმნის მომხმარებლის უკუკავშირის დამუშავებისა და მართვის ინოვაციურ სისტემას. პლატფრომა ავტომატურად ამუშავებს მომხმარებლისგან მიღებულ თითოეულ უკუკავშირს და მათ მზა ბიზნეს-რეკომენდაციებად აქცევს, რაც კომპანიის მენეჯმენტისთვის ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და აუმჯობესებს ხარისხს. ვებ-გვერდი https://portal.retain.ge/ 

Amblify ქმნის პლატფორმას, რომლის საშუალებითაც, ზარმაცი თვალის მქონე პაციენტს შეუძლია გაიუმჯობესოს მხედველობა კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტების გარეშე. პლატფორმა იყენებს მეცნიერულად დამტკიცებული კონცეფციის მქონე ვიდეოთამაშებს. ვებ-გვერდი https://www.amblify.net/ 

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, GITA-თვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და იღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს. 

“სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსი და საგადასახადო შეღავათები სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინოვაციური კომპანიების ზრდას და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს სთავაზობს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომელიც ამცირებს ფინანსურ ტვირთს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის და აძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ პროდუქტის განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს