ელექტრონული საფოსტო ყუთები თითქმის ყოველდღიურად ივსება შეტყობინებითა და დაპირებებით გამომწერების ზრდის, პოდკასტის წვდომების გაუმჯობესების ან ახალი კლიენტების მოზიდვის შესახებ. უცხო ადამიანებისგან მსგავსი შეთავაზებები ჩვეულ მოვლენად იქცა. ზოგიერთი მათგანი ოსტატურად თამაშობს ბიზნესის მფლობელების დაუცველობაზე ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „თქვენ ამდენ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან“. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ასეთ წერილებს აიგნორებს, ხანდახან მაინც ჩნდება ეჭვი – რომელიმე მათგანი რეალური ხომ არ არის?
მსგავს სიტუაციებში ტექნოლოგიების ჩართვა ეფექტური გამოსავალია. მაგალითად, საეჭვო მეილის წაკითხვისას AI-ბრაუზერის ასისტენტის გამოყენებამ შესაძლოა სასურველი შედეგი მოიტანოს. დამხმარე ფანჯარაში შეტყობინების კოპირებისა და მისი სანდოობის შესახებ კითხვის დასმის შემთხვევაში, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სწრაფად გამოავლინოს საკვანძო ინფორმაციის ნაკლებობა, არარსებული დომენი ან ავტორის ყალბი LinkedIn-პროფილი.
MIT-ის კვლევა და მზარდი საფრთხეები
ეს პრაქტიკული მაგალითი კარგად ეხმიანება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მონაცემებს. MIT-ის გუნდი მართავს ონლაინ პორტალს, რომელიც აღრიცხავს, როგორ გაიზარდა ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ზიანის შემთხვევები ბოლო წლებში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ AI-ის გამოყენება ზიანის მოსატანად – იქნება ეს განზრახ თუ შემთხვევით – საგრძნობლად მომატებულია. ყველაზე მეტად კი დეზინფორმაციისა და ბოროტმოქმედების მცდელობებია გაზრდილი. რეალობა ასეთია: მათ, ვისაც ხალხის შეცდომაში შეიყვანა ან მოტყუება სურთ, ასეთი ეფექტური ინსტრუმენტები ხელში არასდროს ჰქონიათ.
მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დეზინფორმაციის გაკონტროლებაა. მართალია, გახმაურებული შემთხვევები – მაგალითად, პოლიტიკური ფიგურების ყალბი ჩანაწერები – მალევე მჟღავნდება, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია. „დიფფეიკებმა“ შესაძლოა არჩევნების ბედი ვერ გადაწყვიტონ, მაგრამ მონაცემები ცხადყოფს, რომ დაბალი პროფილის მქონე შემთხვევები მრავლადაა. ამავდროულად, ჟურნალისტების რაოდენობის შემცირების ფონზე, დარჩენილ რეპორტიორებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ყველაფრის გადამოწმება.
სკეპტიციზმიდან – სტრატეგიამდე
როდესაც AI-დეზინფორმაცია მასშტაბური ხდება, ვიღებთ სამყაროს, სადაც ყველა ეჭვის თვალით უყურებს იმას, რასაც კითხულობს, ხედავს ან ისმენს. ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) ნაშრომის თანახმად, AI-დეზინფორმაციასთან შეხება ზოგადად მედიის მიმართ ნდობას ამცირებს. თუმცა, მხოლოდ სკეპტიციზმი პროდუქტიული არ არის. გამოსავალი არა თითოეული ფეიკის დევნა, არამედ აუდიტორიისთვის იმის სწავლებაა, თუ როგორ მართონ ეს სკეპტიციზმი სწორად.
დღეს, ვერიფიკაციის ინსტრუმენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არ ნიშნავს, რომ AI-ჩატბოტს ყველაფერი ბრმად უნდა დავუჯეროთ, მაგრამ თუ მას გამოვიყენებთ როგორც „ჟურნალისტურ ლინზას“, ის მძლავრი იარაღი გახდება. მთავარია, AI განვიხილოთ როგორც დამხმარე სკეპტიციზმისთვის და არა როგორც ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია. ტექნოლოგიას შეუძლია წამებში გამოავლინოს შეუსაბამობები და დააგენერიროს დამაზუსტებელი კითხვები, რასაც ადამიანური რესურსით გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა.
სამი ჩვევა ცინიზმის თავიდან ასაცილებლად
იმისათვის, რომ სკეპტიციზმი ცინიზმში არ გადაიზარდოს, სასარგებლოა ჟურნალისტურ პრინციპებზე დაფუძნებული სამი ჩვევის გამომუშავება:
დასვით ერთი და იგივე კითხვა ორჯერ. სასარგებლოა კითხვის გამეორება განსხვავებული ფორმულირებით და პასუხების შედარება; ნებისმიერი შეუსაბამობა საყურადღებოა.
მოითხოვეთ დეტალები. როცა AI ზოგად განცხადებას აკეთებს, აუცილებელია დაზუსტება, ბუნდოვანი პასუხები განგაშის სიგნალია.
გადაამოწმეთ წყაროები. თუ პრეტენზია ინტერნეტ-ბმულს ეფუძნება, მისი სისწორის დადგენას დიდი დრო არ სჭირდება.
AI-ჰალუცინაციებისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები უფრო ეჭვიანები გახდნენ. თუმცა, სწორი პრინციპების გარეშე, ეს ეჭვი ცინიზმში გადაიზრდება. ჟურნალისტები ყველაფერს ვერ გადაამოწმებენ, მაგრამ მათ პრინციპებს შეუძლიათ ახალი თაობის მომხმარებლებს ასწავლონ, როგორ გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge