17 ოქტომბერს, ვაშინგტონში ვლადიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა „ტომაჰავკების“ საკითხი იყო. ბოლო დღეებში რუსული ავიაიერიშების გაძლიერების ფონზე, კიევს ამ მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიღება ძალიან სურს.
ექვსი მეტრის სიგრძის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც თითქმის ტონა-ნახევარს იწონის... „ტომაჰავკი“, რომლის მიღებაც ვლადიმირ ზელენსკის სურს, ძალიან განსხვავდება ამერიკელი ინდიელების საბრძოლო ნაჯახისგან, რომლის სახელადაც თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენებოდა. ამ ამერიკული რაკეტების უკრაინის არმიისთვის შესაძლო მიწოდება პარასკევს, 17 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის „მთავარი თემა“ იქნება.
2,500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე BGM-109 Tomahawk-ი უკრაინელებს საშუალებას მისცემს, დარტყმები რუსეთის სიღრმეში, ურალის მთებამდე განახორციელონ. რადარებისთვის ამ ძნელად აღმოსაჩენ რაკეტას დაბალ სიმაღლეზე 880 კმ/სთ სიჩქარით ფრენა შეუძლია.
კამერით აღჭურვილი „ტომაჰავკი“ მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში გადმოსცემს. თუ საჭირო გახდება, ის ჰაერში ჩერდება, რათა მოძრავი სამიზნე აღმოაჩინოს და დაედევნოს. ამ რაკეტას დიდ მანძილებზე შეუძლია მტრისთვის უზარმაზარი ზიანის მიყენება, მაგრამ ძალიან ძვირია: მისი უახლესი მოდელები ორ მილიონ ევრომდე ღირს.
„ტომაჰავკი“ პირველად 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს გამოიყენეს. მას შემდეგ, საბრძოლო ოპერაციების დროს, 2 300-ზე მეტი „ტომაჰავკი“ გაუშვეს. აშშ-ის არმიამ ეს რაკეტა 2014 წელს ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების დროსაც გამოიყენა.
დიდი დახმარება
„ტომაჰავკი“ უკრაინელებისთვის სტრატეგიული უპირატესობის მიმცემი იქნება. ეს რაკეტები მათ საპასუხო დარტყმების, ასევე შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს. ბოლო თვეებში კიევმა გადაწყვიტა, დრონებით თავდასხმები, ძირითადად, რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიმართოს. „ტომაჰავკი“ იდეალურად შეეფერება ასეთ მისიას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, მის მოქმედების რადიუსში, სულ მცირე, 1 945 რუსული სამხედრო პოზიცია არის მოქცეული. მასში შედის 76 რუსული ავიაბაზა, ასევე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი დრონების ქარხანა.
ISW-ის ინფორმაციით, კრემლი აწარმოებს კამპანიას, რათა შეერთებულმა შტატებმა უარი თქვას უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე და ამას აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების მუქარით ცდილობს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, კიევს სურს, საკმარისი რაოდენობის „ტომაჰავკები“ შეიძინოს, „რათა პუტინმა ამის ეფექტი ეს იგრძნოს“.
დონალდ ტრამპი ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გარიგების გარანტიას მაინც არ იძლევა. „თუ ეს ომი შეთანხმებით არ დასრულდება, შეიძლება მათ (უკრაინელებს - რედ.) „ტომაჰავკები“ გავუგზავნო. ეს წარმოუდგენელი იარაღია, ძალიან შემტევი იარაღი. გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთს ეს არ უნდა,“ - განაცხადა მან. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის ასეთი შეთანხმება „ახალ ესკალაციას“ ჩაუყრის საფუძველს და შეიძლება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე იმოქმედოს.
წყარო: 1 არხი