Meta აშშ-ში მასშტაბური სასამართლო პროცესის წინაშე დგას, რომლის შედეგმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს Instagram-ისა და Facebook-ის მუშაობის პრინციპები. კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი 2023 წელს აშშ-ის 30-მა შტატმა, მათ შორის კალიფორნიამ და ნიუ-იორკმა, შეიტანა. შტატები Meta-ს ბავშვებისა და მოზარდების კონფიდენციალურობისა და დაცვის შესახებ კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსარჩელეები Meta-სგან $1 ტრილიონზე მეტ კომპენსაციას და პლატფორმების ფუნქციონირების მნიშვნელოვან ცვლილებას ითხოვენ. მათ შორისაა მოზარდებისთვის მშობლის ვერიფიკაციის სისტემის დანერგვა, რეკომენდაციების ალგორითმების შეცვლა, გარეგნობის შემცვლელი ფილტრების გაუქმება, ვიდეოების ავტომატური ჩართვის შეზღუდვა და მოზარდებისთვის რამდენიმე ანგარიშის შექმნის აკრძალვა.

შტატების შეფასებით, Meta-ს მიერ გამოყენებული ისეთი ფუნქციები, როგორიცაა უსასრულო ლენტი, „ლაიქების“ მთვლელი და დროებით ხელმისაწვდომი კონტენტი, მომხმარებლებს, განსაკუთრებით მოზარდებს, პლატფორმებზე უფრო ხშირად შესვლისა და მეტი დროის გატარებისკენ უბიძგებს.

Meta ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კომპანიის მიერ ახალგაზრდების დაცვის მიმართულებით გატარებულ მრავალწლიან სამუშაოს დაადასტურებს.

საქმეს კალიფორნიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსი განიხილავს. Meta-მ საქმის ფარგლებში სასამართლოს 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი წარუდგინა.

პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლემ Meta 942 მილიონი დოლარით დააჯარიმა და კომპანიას არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით პლატფორმებში ცვლილებების შეტანა დაავალა. Meta გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

თუ 30 შტატის მიერ შეტანილ სარჩელზე Meta დამარცხდება, ცვლილებების გავრცელება შესაძლოა მთელი აშშ-ის მასშტაბით გახდეს საჭირო. ამ შტატებში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ცხოვრობს, რაც გადაწყვეტილებას Instagram-ისა და Facebook-ის მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.

სასამართლოში წარმოდგენილ მასალებში ასევე მოხვდა Meta-ს საკუთარი კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლაიქების“ რაოდენობა მომხმარებლებს სხვებთან საკუთარი თავის შედარებისკენ უბიძგებს. მკვლევრები მიუთითებდნენ, რომ ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეიძლება უარყოფითად აისახოს თვითშეფასებაზე, სხეულის აღქმასა და ემოციურ მდგომარეობაზე.