ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ექსპერტებმა მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

კომპლექსური კვლევის შედეგების მიხედვით, „ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან – 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“.

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

კვლევის ფარგლებში, მონაწილე ექსპერტებმა დაადგინეს ისიც, რომ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ამ ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს.

კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 981 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ ცხრა დასახლებაში აღმოჩნდა. ეს გარემოება კი ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, ნათლად მიუთითებს ქართულ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე, რაც, მათივე დასკვნით, პირველ რიგში, ქართველ აბონენტებს უქმნის შემზღუდველ პირობებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.