„სიენენის“ ცნობით, კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს მისია „Artemis II“-ის ფარგლებში, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა. მისიის ხელმძღვანელის თქმით, როგორც ჩანს, წყალგამტარ მილში ყინული წარმოიქმნა. ამის გამო „ნასას“ სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, კოსმოსური ხომალდი ისე შეეტრიალებინათ, რომ ეს არხი მზისკენ ყოფილიყო მიმართული და წარმოქმნილი ყინული ასე გაელღოთ.
„სიენენის“ ინფორმაციით, დაგროვილი თხევადი ნარჩენების ნაწილის მოცილება შესაძლებელი გახდა მათი კოსმოსურ ვაკუუმში გაშვების გზით.
პრობლემის გამო „ორიონის“ ეკიპაჟს რეკომენდაცია მისცეს, ტუალეტი მხოლოდ მყარი ნარჩენებისთვის გამოიყენონ, ხოლო სითხის შესაგროვებლად სპეციალური კონტეინერები მოიხმარონ.
კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ 1 აპრილს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. ბორტზე იმყოფებიან „ნასას“ ასტრონავტები რიდ უაიზმანი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კუკი, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი.
ეკიპაჟი ათი დღის განმავლობაში მთვარეს შემოუვლის და დედამიწაზე დაბრუნდება.