კომერსანტთან საუბრისას Skydo Corporation-ის დირექტორმა გელა გრძელიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბაზარზე IT ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური მომსახურების ღირებულება საგრძნობლად იზრდება. მისივე თქმით, ფასების ცვლილება ეხება როგორც კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, ისე სერვერებს, ქსელურ მოწყობილობებს, UPS სისტემებს, პროგრამულ ლიცენზიებსა და სხვადასხვა IT სერვისს.

„ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებაცაა. AI სისტემებისა და მონაცემთა ცენტრების მუშაობას დიდი რაოდენობით გამოთვლითი რესურსი სჭირდება, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა პროცესორებზე, ვიდეო ბარათებზე, მეხსიერების მოდულებზე, მონაცემთა შესანახ მოწყობილობებსა და სხვა ელექტრონულ კომპონენტებზე. გაზრდილი მოთხოვნა გავლენას ახდენს ნაწილების წარმოებაზე, მიწოდების ვადებსა და ღირებულებაზე. როდესაც კომპიუტერული კომპონენტები ძვირდება, ეს საბოლოოდ აისახება სხვა ტექნიკის ფასებზეც: ლეპტოპებზე, სამუშაო კომპიუტერებზე, სერვერებზე, ქსელურ მოწყობილობებსა და მთლიან IT ინფრასტრუქტურაზე“. - აცხადებს გელა გრძელიძე.

Skydo Corporation-ის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ბიზნესებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დღეს თითქმის ყველა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ტექნიკის განახლების ან აუცილებელი IT პროექტების ხანგრძლივად გადადება მომავალში შესაძლოა კომპანიას გაცილებით ძვირი დაუჯდეს.

„მოძველებული კომპიუტერები, სერვერები და ქსელური მოწყობილობები ხშირად იწვევს სამუშაო პროცესის შენელებას, ტექნიკურ შეფერხებებსა და თანამშრომლების პროდუქტიულობის შემცირებას. ამასთან ერთად, იზრდება მონაცემების დაკარგვის, სისტემის გაუმართაობისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემების რისკიც. ხშირ შემთხვევაში კომპანიები ძველი ტექნიკის გამოყენებას ხარჯების დაზოგვის მიზნით აგრძელებენ, თუმცა რეალურად მისი შეკეთება, მუდმივი ტექნიკური მომსახურება და შეფერხებებით გამოწვეული დანაკარგები შესაძლოა ახალი ტექნიკის შეძენაზე უფრო ძვირიც აღმოჩნდეს.

ფასების ზრდის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა IT ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმოს, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ეტაპობრივად განაახლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. დროულად მიღებული გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, ტექნიკური პრობლემები და მომავალში კიდევ უფრო გაზრდილი ფასები“. - ამბობს გელა გრძელიძე.

გელა გრძელიძის განცხადებით, ტექნიკის ან პროგრამული გადაწყვეტის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ კომპანიის რეალური საჭიროებების, სამუშაო პროცესისა და სამომავლო განვითარების გათვალისწინებაც.

„სწორად შერჩეული IT ტექნიკა და გადაწყვეტილებები ბიზნესს ეხმარება სამუშაო პროცესების დაჩქარებაში, ინფორმაციის უკეთ დაცვაში, ხარჯების შემცირებასა და თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდაში.

სპეციალისტების რეკომენდაციაა, კომპანიებმა ტექნოლოგიური განახლება პრობლემის წარმოქმნამდე დაიწყონ და არ დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც მოძველებული ინფრასტრუქტურა საქმიანობის შეფერხების მიზეზი გახდება“. - აცხადებს გელა გრძელიძე.