ბუნებასთან შეჯიბრი რომ არ ღირს, თანაც ინჟინრობაში, ამაში ბევრი რამ დაგარწმუნებთ, იქნება ეს ფრინველების აეროდინამიკა, ჭიანჭველების ინტელექტი თუ მრავალი სხვა. ამიტომაც, MIT-ის მეცნიერებმა შეჯიბრს, ბუნებით შთაგონება ამჯობინეს და ფუტკრის ინსპირაციით მწერის ზომის დრონი შექმნეს.
თუ მათ დავუჯერებთ, უპრეცედენტო დროის მანძილზე 17 წუთი ფრინავს! გრამზე ნაკლებს იწონის და სრულად გარდაქმნის იმ გზებს, რომლებიც რობოტიკისთვისაა ცნობილი, ახალ შესაძლებლობებს აჩენს და აქამდე არსებულ პრობლემებსაც უმკლავდება — ტრადიციული მიკროდრონების ფუნდამენტური პრობლემა ენერგოეფექტურობაა, გამოწვევას კი მათი ზომისა და წონის შემცირება წარმოადგენს…
აქამდე ფრენის ხანგრძლივობა წამებში გამოითვლებოდა, თუმცა, MIT-ის მეცნიერებმა ფრთების დიზაინი სრულად შეცვალეს და შედეგად შემოგვთავაზეს დრონი, რომელიც ბუზზე სწრაფად დაფრინავს! მაჩვენებელიც წუთებში გადაიყვანეს…
ამ ინოვაციის ნამდვილი პოტენციალი კი მის ზოგად მნიშვნელობაში იმალება. დღევანდელ სამომხმარებლო თუ კომერციულ დრონებს ფუნდამენტურად აქვს შეზღუდული ბატარეის ხანგრძლივობა, პატარა დრონების უმეტესობა 30 წუთზე მეტს ვერ ძლებს, MIT კი აქ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზას გვთავაზობს — ბატარეის ტექნოლოგიას კი არ აუმჯობესებს, არამედ დრონების ენერგოეფექტურად დამზადებაზე აკეთებს აქცენტს.
სხვაგვარად რომ გითხრათ, ფრთებისა და ძრავის განსხვავებული დიზაინით ენერგიის ნაკლები დანაკარგი გვაქვს, შესაბამისად, დრონების მეტად ეფექტურად გამოყენების საშუალება გვეძლევა. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამძებრო სამუშაოების დროს დრონი, რომელსაც ხშირად დაშვება და დამუხტვა არ სჭირდება…
ამ ეტაპისთვის კი MIT-ის მეცნიერები ტექნოლოგიის დახვეწაზე არიან ორიენტირებულნი და არსებული შედეგების 10-ჯერ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ…
წყარო: marketer.ge