ამსტერდამის ცენტრში პირველი ოფიციალური საბანაო ზონა გაიხსნა. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბინენჰავენის ნავსადგურმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში “ველური” ცურვისთვის პოპულარული ადგილი იყო, ამჟამად ოფიციალური სტატუსი მიიღო. აპრილიდან, ანუ საცურაო სეზონის დაწყებისთვის ნავსადგური ოფიციალური საცურაო ზონა გახდება. ვიზიტორები წყლის ხარისხის შესახებ უახლესი ინფორმაციის გადამოწმებას საბანაო ზონაში დამონტაჟებულ ციფრულ ეკრანებსა და ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ
ბინენჰავენის ჩათვლით ამსტერდამში უკვე 10 ოფიციალური საბანაო ადგილია.
საბანაოდ კეთილმოწყობამდე ბინენჰავენში დეტალური კვლევა ჩატარდა. კერძოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპერტები ნავსადგურში რეგულარულად ამოწმებდნენ წყლის ხარისხს, რომელიც მუდმივად მაღალი იყო.
მერიამ სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც ნავსადგურის კედლებსა და ფსკერს შორის ყველა ნაპრალი ამოქოლეს და უთანასწორო ადგილები გაასწორეს, რომ მოცურავეები შემთხვევით არ დაშავდნენ.