კრიპტოინდუსტრიის გიგანტმა, კრიპტობირჟა Binance-მა ევროკავშირის ბაზარზე ოფიციალურად შესასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საბერძნეთში კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაციის შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა.

MiCA-ს ფარგლებში ლიცენზირების პროცესისთვის Binance-მა საბერძნეთში უკვე დააფუძნა ადგილობრივი ჰოლდინგური კომპანია. აღნიშნული სუბიექტი საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს, რათა დააკმაყოფილოს MiCA-ს ყველა მოთხოვნა და ოპერირების უფლება მიიღოს.

მას შემდეგ, რაც კომპანია ავტორიზაციას მიიღებს, მას შეეძლება თავისი სერვისები ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრ სახელმწიფოში ყოველგვარი დამატებითი ეროვნული ბარიერების გარეშე შესთავაზოს მომხმარებლებს, რაც ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზანს წარმოადგენს.

შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Binance-ი ევროკავშირის ბაზარზე ოფიციალურად შედის.

bm.ge