კიბო წარმოადგენს უჯრედების უკონტროლო დაყოფას, რაც სამწუხაროდ, ხშირად ფატალურად სრულდება. თუმცა, აშშ-ში ამ დაავადებასთან ბრძოლაში უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია — 2015 – 2021 წლებს შორის კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებში შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი 70 პროცენტით გაიზარდა.
გადარჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა კიბოს შორსწასული ან ფატალური სტადიის შემთხვევებში დაფიქსირდა.
ადრეულმა დაფიქსირებამ, სკრინინგისა და პრეპარატების გაუმჯობესებამ, მოწევის მაჩვენებლის შემცირებამ — 1991 – 2023 წლებს შორის 4,8 მილიონ ადამიანს ააცილა სიკვდილი, ახალი სიცოცხლე მიანიჭა 3 256 800 კაცსა და 1 555 300 ქალს.
ასეთი მაჩვენებლები დადო ამერიკის კიბოს ასოციაციის (ACS) მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ.
ამჟამად, ათიდან შვიდი ადამიანი კიბოსგან გადარჩენას ხუთ წელზე მეტხანს ახერხებს, მაშინ როცა 70-იანი წლების შუა პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ ამის ნახევარი იყო. ეს დიდი გამარჯვება დიდწილად წარმოადგენს ათწლეულების მანძილზე კიბოს კვლევის შედეგს, რამაც მისი უფრო ეფექტიანი მკურნალობის საშუალება მოგვცა და მრავალი სახის კიბო სასიკვდილო დიაგნოზიდან ქრონიკულ დაავადებად გადააქცია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კიბოს ეპიდემიოლოგი რებეკა სიგელი.
ასეთ მოხსენებებს ამერიკის კიბოს ასოციაცია უკვე 75 წელიწადია ავრცელებს.
2026 წლის მოხსენება მოიცავს ყველაზე თანამედროვე, პოპულაციაზე დაფუძნებულ შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს 2022 და 2023 წლებისთვის. მონაცემები მიმდინარე წელს ყოველთვის რამდენიმე წლით ჩამორჩება, რადგან საკმაო დროა საჭირო მონაცემთა შესაგროვებლად, დასადასტურებლად და დასამუშავებლად.
აშშ-ში კიბო სიკვდილის მეორე მთავარი მიზეზია გულის დაავადებების შემდეგ. ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელმა ამჟამად უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. 1970-იან წლებში ეს მაჩვენებელი 49 პროცენტი იყო, 2015-2021 წლებში კი 70 პროცენტამდე გაიზარდა.
ამას გარდა, გადარჩენის მაჩვენებლის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა იმ კიბოებში, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილებშიც ვრცელდება — 1990-იანი წლების შუა პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 პროცენტი იყო, 2015-2021 წლებში კი 35 პროცენტი გახდა.
გადარჩენის მაჩვენებელი ცვალებადი იყო კიბოს ტიპების მიხედვით.
„თანამედროვე გადარჩენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (98 %), პროსტატის კიბოს (98 %), სათესლე ჯირკვლების კიბოს (95 %) და მელანომას (95 %) შემთხვევაში, ყველაზე დაბალი კი ფილტვის (28 %), ღვიძლის (22 %), საყლაპავი მილის (22 %) და პანკრეასის (13 %) კიბოს შემთხვევაში“, — წერენ მკვლევრები.
შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ასევე განსხვავდებოდა ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა სოციოეკონომიკური, რასობრივი და ეთნიკური სხვაობები. კიბოს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ადგილობრივ ამერიკელებში (ინდიელები). მაგალითად, მათში თეთრ ადამიანებზე ორჯერ მაღალია სიკვდილიანობა ისეთი კიბოების შემთხვევაში, როგორიცაა თირკმლის, ღვიძლის, კუჭისა და საშვილოსნოს ყელის.
ამას გარდა, გეოგრაფიული ტენდენციები დამოკიდებული იყო სახელმწიფო და ადგილობრივ ჯანდაცვის პოლიტიკასა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობაზე. შედეგად, კიბოთი სიკვდილიანობა 100 000 ადამიანზე 128 იყო იუტაში, ჰავაიზე, ნიუ-იორკსა და კოლორადოში, 178 – 180 ადამიანი 100 000-ზე დასავლეთ ვირჯინიაში, მისისიპისა და კენტუკიში.

ქვეყნის მასშტაბით ორ-მესამედზე მეტითაა შემცირებულია კიბოთი ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც — 1970-იან წლებში ეს 6 ბავშვი იყო ყოველი 100 000-დან, 2023 წელს კი მხოლოდ ორი 100 000-დან.
მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა მოზარდებშიც — 100 000-ზე 7 ადამიანიდან 100 000-ზე 3 ადამიანამდე. კლება დიდწილად განპირობებულია ლეიკემიისგან გადარჩენის მაჩვენებელის გაუმჯობესებით, რაც თავის მხრივ განაპირობა მკურნალობის ოპტიმიზებულმა სქემებმა.
მოხსენება პროგნოზირებს სამომავლო შემთხვევებსა და სიკვდილიანობასაც. ამ პროგნოზით, 2026 წელს აშშ-ში დაფიქსირდება კიბოს 2 100 000 ახალი შემთხვევა (დღეში დაახლოებით 5800) და ამისგან სიკვდილის 630 000 შემთხვევა (დღეში დაახლოებით 1720).
მოსალოდნელია, რომ სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ფილტვის კიბოზე იქნება, მეორე ადგილზე იქნება კოლორექტალური კიბო, მესამეზე კი პანკრეასის კიბო.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი გაიზარდა, პროგრესის გაგრძელებას მრავალი ფაქტორი ემუქრება, მათ შორის, ისეთი გავრცელებული კიბოს შემთხვევების ზრდა, როგორიცაა ძუძუს, პროსტატის და პანკრეასის სიმსივნეები.
კვლევა CA: A Cancer Journal for Clinicians-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია pressroom.cancer.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1 არხი