„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს.
„საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“- ამბობს გივი მიქანაძე.
პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, ასევე ნათქვამია, რომ „მოხდება პროგრამების დადარება“ და მსგავსი პროგრამების „ერთ კომპონენტად შეჯერება“, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამების ნაწილის გააუქმებენ.
მიქანაძის თქმით, გაჩნდება ახალი, – წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, „რომელიც არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.
„აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“ – ამბობს მიქანაძე.
განათლების „რეფორმის“ დაანონსებისას, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობდა, რომ რეფორმა პროფესორების შემცირებასაც ითვალისწინებდა, ანუ „ერთი უნივერსიტეტი-ერთი ფაკულტეტი“, გულისხმობდა „ერთი ფაკულტეტი-ერთი პროფესორი“, რომელსაც ხელფასის სახით 10 000 ლარს დაუნიშნავდნენ.
ამავე რელიზში არ არის საუბარი მაგალითად იმაზე, რამდენი იქნება სხვა პროფესორების ხელფასი და რამდენ პროფესორს ექნება სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.
თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მათთან შეუთანხმებლად წარიმართა, რაც უნივერსიტეტების ავტონომიის სრული ნიველირებაა.
უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია სტუდენტთა ნაწილიც. „გაარჩინე განათლება“- ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.