Apple-მა საშემოდგომო ღონისძიებაზე ახალი ფლაგმანური სმარტფონები — iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max წარადგინა. კომპანიის განცხადებით, გლობალური კომპონენტების დეფიციტის ფონზე ახალი მოდელების საწყისი ფასი წინა თაობასთან შედარებით $100-ით გაიზარდა.

iPhone 18 Pro-ის ფასი $1,199-დან, ხოლო iPhone 18 Pro Max-ის — $1,299-დან დაიწყება.

ახალი სმარტფონების წინასწარი შეკვეთები 12 სექტემბერს გაიხსნება, გაყიდვები კი ოფიციალურ მაღაზიებში 18 სექტემბრიდან დაიწყება.

კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსის მიერ წარდგენილი მოწყობილობები ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი — ნაცრისფერში, შავში, ცისფერსა და ახალ შინდისფერში.

ტექნიკური თვალსაზრისით, iPhone 18 Pro-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე TSMC-ის 2-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე დამზადებული A20 Pro ჩიპია. Apple-ის ინფორმაციით, ახალი პროცესორი განსაკუთრებით აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტის ამოცანების შესრულებას.

განახლდა კამერის სისტემაც. Apple-მა პირველად გამოიყენა მექანიკური ჩამკეტის მექანიზმი, რომელიც ექვსი, ადამიანის თმაზე უფრო თხელი ლაზერული ფირფიტისგან შედგება. ტექნოლოგია მომხმარებელს ფოტოს გადაღებისას ველის სიღრმის, ფოკუსისა და ბლარის ეფექტის უფრო ზუსტად კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

გაუმჯობესდა ბატარეის ხანგრძლივობაც. კომპანიის ცნობით, iPhone 18 Pro ერთი დამუხტვით 24 საათამდე, Pro Max კი 30 საათამდე მუშაობს.

Apple-ის ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი iOS 27-ის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებსაც დაეთმო. მათ შორისაა Apple Reference Image — ინსტრუმენტი, რომელიც ფოტოებს პიქსელის დონეზე აანალიზებს და მათი ავთენტურობის დადასტურებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ფუნქცია ევროკავშირსა და ჩინეთში ხელმისაწვდომი არ იქნება.

განახლებული Siri AI-ის საშუალებით მომხმარებლებს 300 ათასზე მეტ აპლიკაციაში სხვადასხვა დავალების დამოუკიდებლად შესრულება შეეძლებათ.

კომპანიამ ასევე iPhone Handoff-ის ფუნქცია წარადგინა, რომლის მეშვეობითაც ერთი ტელეფონის ნომრის რამდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად გამოყენება იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად სერვისი T-Mobile-ისა და Deutsche Telekom-ის ქსელებში ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი მას Verizon და EE შეუერთდებიან.

ღონისძიებაზე Apple-მა ახალი თაობის უკაბელო ყურსასმენებიც — AirPods 5 წარმოადგინა. კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომ AirPods მოდელში პირველად დაემატა აქტიური ხმაურის ჩახშობის (ANC) ტექნოლოგია. ასევე გაუმჯობესდა ბატარეის რესურსი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.

AirPods 5-ის სტანდარტული ვერსიის ფასი $129 იქნება, უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით მოდელის კი — $149.

სექტემბრის ღონისძიება Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსის პირველი მსხვილი პრეზენტაცია იყო.