AI-ს მიმართულებით ყველაფერი იმდენად ელვის სისწრაფით მიედინება, ადამიანები დაწევასაც ვერ ასწრებენ. სარეკლამო სააგენტოები საკმაოდ აქტიურნი არიან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც მომავალი აღარ არის, აწმყოა – ისინი ახორციელებენ რესტრუქტურიზაციას და ქმნიან მასშტაბურ AI-გადაწყვეტილებებს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს იმას, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ინიციატივები. ეს კიდევ ერთხელ აჩენს გაურკვევლობას იმ ინდუსტრიაში, რომელიც იმედოვნებს, რომ AI ბრენდების ზრდისთვის სასარგებლო იქნება.
კვლევითი კომპანია Gartner-ის პროგნოზით, სააგენტოების მიერ შექმნილი საკუთარი AI-პლატფორმების დაახლოებით ნახევარი 2029 წლისთვის ან დაიხურება, ან მოძველდება. მიზეზი ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებებს კონკურენციას უწევს ღია კოდის AI-პლატფორმები, რომლებიც ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ვითარდება, როგორებიც არიან Google და Amazon.
Gartner-ის პროგნოზით, 2028 წლისთვის ღია კოდის პლატფორმები კომპანიებში AI-ს დანერგვის 75%-ზე მეტს უზრუნველყოფს. მათი პოპულარობა განსაკუთრებით იზრდება მოქნილობის, მაღალი პერსონალიზაციისა და შედარებით დაბალი ხარჯების გამო, რაც მათ ხშირად უფრო მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს საკუთრივ სააგენტოების მიერ შექმნილ პლატფორმებთან შედარებით.
ამასთან, სააგენტოების AI-გადაწყვეტილებები უმეტესად მარკეტინგისა და რეკლამის დონეზე რჩება, მაშინ როცა კომპანიებისთვის AI დღეს უფრო ფართო, მთელი ორგანიზაციის მასშტაბის სტრატეგიის ნაწილი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის ხელმძღვანელები ხშირად იყვნენ AI-ს ადრეული მომხმარებლები, მაგალითად კონტენტის შექმნისთვის, საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი AI ინსტრუმენტები დაინერგება ორგანიზაციის მასშტაბით, ხშირად CIO-ები და ტექნოლოგიური გუნდები იღებენ.
ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციული AI-სტრატეგია უფრო მეტად IT მიმართულებით ყალიბდება და არა მხოლოდ მარკეტინგის საჭიროებების მიხედვით.
რისკების შეფასება
ამ ეტაპზე სააგენტოები მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრენდებისთვის AI-ს ეპოქასთან ადაპტაციაში. ისინი კომპანიებს ეხმარებიან ახალი უნარების განვითარებაში, ბაზარზე სწრაფად გამოსვლაში და იყენებენ მრავალფეროვანი კლიენტებისგან დაგროვილ გამოცდილებასა და გლობალურ ხედვას.
გარდა ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა, სააგენტოების მთავარი ღირებულება ხშირად არის გარე პერსპექტივა, ანუ შესაძლებლობა, კლიენტის ბიზნესს გარედან შეხედონ და სტრატეგიული ხედვა შესთავაზონ.
თუმცა Gartner CMO-ებს ურჩევს, ზედმეტად არ იყვნენ დამოკიდებული სააგენტოების მიერ შექმნილ AI-პლატფორმებზე. სააგენტოებთან თანამშრომლობა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ერთ პლატფორმაზე მიბმა მოგვიანებით სხვა სისტემაზე გადასვლას რთულსა და ძვირს გახდის.
ამიტომ კომპანიებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ AI გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული გრძელვადიანი კონტრაქტებისგან თავი შეიკავონ. უკეთესია, პირველ ეტაპზე პროექტები მცირე ტესტირების ფორმატში დაიწყონ და ხელშეკრულებებში დატოვონ შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობა სანქციების გარეშე.