უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისას სკოლის აკადემიური მოსწრება გათვალისწინებული იქნება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც 2027-2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ასევე იგეგმება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებების ჩატარება.

„პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩანაწერი მთავრობის გეგმებში ახალი არ არის. მსგავსი მიდგომა პირველად 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში აისახა, რომელიც 2024 წლის ნოემბრით თარიღდება.

სკოლის აკადემიური მოსწრების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესში გათვალისწინების საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2024 წელს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაიწყო. მისი განცხადებით, სამინისტრო სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასების სისტემის აღდგენაზე მუშაობდა, მოსწავლეთა აკადემიური შედეგები კი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ჩანაცვლების ერთ-ერთ შესაძლო მექანიზმად განიხილებოდა.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის სექტემბერში დატოვა. ამის შემდეგ განათლების სამინისტროს ინიციატივის განხორციელების მექანიზმებთან და ვადებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.