აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის აქციები მკვეთრად დაეცა. Nasdaq-ის ინდექსმა 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა. გაყიდვების ტალღა ხელოვნური ინტელექტის სექტორში რეგულაციების გამკაცრების შიშს უკავშირდება, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას მოჰყვა. ამის შესახებ Reuters წერს.

ყველაზე მკვეთრი ვარდნა ნახევარგამტარების სექტორში დაფიქსირდა. ფილადელფიის SE Semiconductor-ის ინდექსი 12%-ით შემცირდა და ბოლო ექვსი თვის მინიმუმს მიაღწია. Nvidia-ს აქციების ფასი 9%-ით, ხოლო Advanced Micro Devices-ის (AMD) – 17%-ით დაეცა.

ამასთან, Nasdaq 100-ის ინდექსი 6.4%-ით შემცირდა, რის შედეგადაც მასში შემავალი კომპანიების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2.5 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

ინვესტორები შიშობენ, რომ დემოკრატების გამარჯვებამ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის გაფართოება შეაფერხოს. მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები დამატებით პრობლემებს უქმნის მცირე კომპანიებსაც, რომლებსაც მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული ფინანსური პირობების გამო კაპიტალის მოზიდვა ისედაც უჭირთ.

Reuters-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული აქციების მასობრივი გაყიდვები უკვე მეორე დღეა გრძელდება. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც Nasdaq Composite-ი 500 პუნქტზე მეტით ეცემა.

„არჩევნების შედეგებიდან, განსაკუთრებით კი იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დემოკრატებმა მრავალ შტატში გუბერნატორის პოსტები მოიპოვეს, იკვეთება მთავარი ტენდენცია – მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესის შენელება“, – განაცხადა JonesTrading-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა მაიკლ ორურკმა.

ამჟამად Nasdaq Composite-ი კორექციის ფაზაშია. 6 ოქტომბერს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი თითქმის 12%-ით არის შემცირებული. ბაზარზე კორექციად ბოლო პიკური მაჩვენებლიდან დაახლოებით 10%-იანი ვარდნა მიიჩნევა.

ანალიტიკოსებისა და პორტფელის მმართველების შეფასებით, ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის სექტორებში აქციების გაუფასურება მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზად სახელდება როგორც წინა პერიოდში აქციების მნიშვნელოვანი გაძვირება, ისე დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ზაფხულის ბოლოს აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ კიდევ უფრო გაამწვავა.