„ბევრს ჰგონია, რომ წყალტუბოში ისევ სანატორიუმები უნდა აღდგეს და 2 000 ოთახი უნდა გაივსოს ტურისტებით, რაც დღეს ვეღარ მოხდება,“ - ეს განცხადება „ოტიას მარნის“ დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას გააკეთა.
“ოტიას ეზოში“ ფიქრობენ, რომ კურორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორი გენგეგმის შემუშავება და მისთვის ახალი კონცეფციის შექმნა. ასეთი კი მათი აზრით, შესაძლოა საფესტივალო ან სპორტული ქალაქის სტატუსის მინიჭება იყოს.
„კონცეფციები რჩება კონცეფციებად. ვიღაც ახალი გამოჩნდება ახალი იდეებით, მერე კიდევ ახალი და ეს არ სრულდება. მთავარი შეცდომაა ის, რომ მოჰყავთ უცხოელი ჯგუფები, რომლებიც შეიძლება კარგი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ ქალაქში თუ არ ცხოვრობ და არ იცი რა სჭირდება, რთულია სწორი გეგმა დასახო. ასეთი ხალხი მოჰყავთ, რომლებიც თავის ჭკუაზე აკეთებენ რაღაცას, მერე ვხვდებით, რომ არ მოგვწონს, მერე ისე ახლიდან კეთდება. რამდენჯერმე შემუშავდა გენგეგმა და მაინც არ არის სრულყოფილი იმიტომ, რომ არ მოუხდება კურორტს.
ჩემი აზრით, მეტი ადგილობრივი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მათ უფრო იციან და გრძნობენ კურორტის პულსს. მარტო აქ კი არა ყველა მუნიციპალიტეტში ვინც საქმეს აკეთებს, მათ უნდა გადაწყვიტონ და არა ვიღაცა გარეშე პირმა.
ჩემი ხედვით საჭიროა სწორი გენგეგმა. ბევრს ჰგონია, რომ ისევ სანატორიუმები უნდა აღდგეს და 2 000 ოთახი უნდა გაავსოს ტურისტებით რაც ფიზიკურად ვერ და არ მოხდება. საბჭოთა კავშირის დროს იმიტომ ხდებოდა ასე, რომ სხვანაირი ქვეყანა იყო, დღეს იგივე ვერ განმეორდება.
შეიძლება იყოს საფესტივალო, სტუდენტური, სპორტული, ჩატარდეს შეკრებები უფრო მასშტაბურად და არა სტიქიურად და ქაოსურად, რასაც ახლა აქვს ადგილი. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მთავარია სწორი ხედვა,“ - განაცხადა იოსელიანმა.