გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 20 000 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა, რის გამოც ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყო.
„უხეში დათვლით, იცით, რომ დაახლოებით 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მონაცემებით საქართველოში და ამ პრობლემასთან დაკავშირებით დავიწყეთ პროცესების დაგეგმვა. გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში და გასული 12 თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია მინიმუმ 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება.
„წლევანდელი გეგმა არის უფრო ამბიციური. წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევებაა დაგეგმილი ქვეყნიდან და საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, დაახლოებით 4 წელიწადში მოგვცემს ქვეყნის მთლიანად ამ პრობლემისგან გათავისუფლების საშუალებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოსთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2 203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება